გასაოცარი ვიდეო გვიჩვენებს ბავშვს, რომელიც სანაყოფე გარსით დაიბადა
სოციალურ ქსელებში X (Twitter) და Instagram ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც სითხით სავსე სანაყოფე გარსით დაბადებულ ბავშვს გვიჩვენებს.
პირველად kids.mood-ის სახელით ცნობილი ანგარიშის მიერ გასაჯაროებულ კადრებში ვხედავთ, რომ ჩვილი ჯერ კიდევ ე.წ. ამნიონურ წყლებშია, სპეციალურ მემბრანაში, რომელშიც აქტიურად მოძრაობს.
ეს საკმაოდ თხელი აპკია, რომელიც საშვილოსნოში ყალიბდება და ნაყოფს აკრავს გარს. ის სათანადო სითხითაა სავსე, რომელიც ჩანასახის დაცულობას უზრუნველყოფს და დედა-შვილს შორის საკვები ნივთიერებების, წყლისა და ბიოქიმიური პროდუქტების მიმოცვლას უწყობს ხელს.
როგორც წესი, აღნიშნული გარსი მშობიარობის დასაწყისში სკდება, ხოლო მასში არსებული სითხე იღვრება. ამას ხშირად "წყლების დაღვრას" უწოდებენ. არის შემთხვევები, როცა ასე არ ხდება, ამიტომ ექიმები აპკს თავად ხეთქავენ, რათა მშობიარობა დააჩქარონ.
როცა ორსულს საკეისრო კვეთის პროცედურა უტარდება, ექიმები ზოგჯერ ნაყოფს გარსს მიზანმიმართულად უნარჩუნებენ. ამის მიუხედავად, ისეც ხდება, რომ აპკი ბუნებრივი მშობიარობისას ჩვილს თავისთავად მოჰყვება, რაც ძალზე იშვიათია. კონკრეტული მაჩვენებლები უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მსგავსი შემთხვევები 80 000-ში 1-ია.
უნდა ითქვას, რომ სანაყოფე გარსით დაბადება ჩვილს საფრთხეს არ უქმნის, რადგან ის იქიდან უსაფრთხოდ ამოჰყავთ.
კომენტარები