რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში? — კვლევა
ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ რთული სტრუქტურისაა და მრავალი ორგანოსგან თუ ქსოვილისგან შედგება. ჩვენს სხეულში ღეროვანი, კანის, სისხლის, ტვინის და სხვა უჯრედები გხვდება, რომელთაგანაც თითოეულ ტიპს საკუთარი დანიშნულება გააჩნია.
მაინც, რა რაოდენობის უჯრედებია ადამიანის ორგანიზმში?
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1500-ზე მეტი ნაშრომი გააანალიზეს. შედეგად, მათ დაადგინეს, რომ ზრდასრული კაცის სხეულში საშუალოდ 36 ტრილიონი უჯრედია, ქალისაში 28 ტრილიონი, 10 წლის ბავშვისაში კი — 17 ტრილიონი.
ასევე, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაზე მცირე ზომის უჯრედთა საერთო მასა თითქმის იგივეა, რაც ყველაზე დიდი უჯრედების ერთობლიობის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სხეულში უჯრედთა ზომა და რაოდენობა თვითრეგულირებადია, რასაც ჰომეოსტაზი ეწოდება.
ამ დასკვნების გამოსატანად ავტორებმა აქამდე გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებში არსებული მონაცემები შეისწავლეს, მათ შორის უჯრედთა ტიპებისა და მათი რაოდენობის შესახებ. მკვლევრებმა სულ 1200 ჯგუფი გამოავლინეს, საიდანაც 400 ცნობილი უჯრედული ტიპი იყო, რომელიც 60 სახის ქსოვილში გვხვდება.
შემდეგ მათ ადამიანთა საშუალო ანატომიური პარამეტრები გამოიყენეს: ზრდასრულ კაცს 70 კილოგრამი წონა შეუსაბამეს, ქალს 60, ხოლო ბავშვს — 32. ამაზე დაყრდნობით თითოეულ კატეგორიაში უჯრედთა საერთო რაოდენობა გამოითვალეს. უნდა ითქვას, რომ მსგავსი გამოთვლები აქამდეც ჩატარებულა და დაახლოებით იგივე შედეგები მიიღეს, მაგრამ უჯრედთა ზომისა და რაოდენობის ურთიერთმიმართება პირველად გამოვლინდა.
"შესაძლოა, ვარაუდობდეთ, რომ საშუალო ზომის უჯრედები არსებობს და ჩვენს სხეულს მეტწილად სწორედ ისინი შეადგენს, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენს ორგანიზმში თითქმის იმავე მასის მომცრო უჯრედებია, რამდენიც მოზრდილი თუ სხვა", — აცხადებენ ავტორები.
რა განაპირობებს მსგავს თანაფარდობას, ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ სხეულში მიმდინარე პროცესებში ეს მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს. ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები