შეგიძლიათ, კრემაციის შემდეგ საკუთარი ფერფლი ბრილიანტად აქციოთ — როგორ
თუკი სიკვდილის შემდეგ საკუთარ სხეულს ორიგინალური ფორმა გინდათ შესძინოთ, შეგიძლიათ, იგი ბრილიანტად აქციოთ.
ასევე იხილეთ: დაკრძალვის 4 თანამედროვე საშუალება, რომლებმაც მალე შეიძლება ტრადიციული მეთოდები ჩაანაცვლოს
ალმასი კრისტალური ნივთიერებაა, რომელიც სუფთა ნახშირბადისგან შედგება — ნაწილაკები მასში კრისტალური სტრუქტურითაა განლაგებული. არსებული ალმასების უმრავლესობა 1-3 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა დედამიწის წიაღში, მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში. ასეთ გარემოში ჩამოყალიბების შედეგად მათ უაღრესად მტკიცე ატომური სტრუქტურა შეიძინა. ამის გამო ალმასი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ნივთიერებაა.
საგულისხმოა, რომ ალმასების "გაზრდა" ლაბორატორიულ პირობებშიცაა შესაძლებელი. ამისათვის სპეციალური მანქანა გამოიყენება, რომელიც მათი წარმოქმნის ბუნებრივ მექანიზმს იმეორებს.
მეთოდი 1950-იან წლებში შეიმუშავეს. მას მაღალი წნევითა და მაღალი ტემპერატურით (HPHT) დამუშავება ეწოდება. ჩვეულებრივ, ამ დროს ნახშირბადის შემცველ მასალებს მინიმუმ 2300°C-ამდე აცხელებენ და 6.5-8.5 გიგაპასკალ წნევას უქვემდებარებენ (ეს დაახლოებით ისეთივე ზეწოლაა, თითზე რომ რეაქტიული თვითმფრინავი დავიდოთ).
ხელოვნური ალმასის შესაქმნელად ალმასის პატარა "თესლია" საჭირო, რომელიც მას ფორმირებაში ეხმარება; საჭიროა ნახშირბადიც, რომელიც ჩვენს სხეულში საკმაოდ გავრცელებული ელემენტია — იგი ადამიანის მასის დაახლოებით 18.5 პროცენტს იკავებს. კრემაციის შემდეგ დაახლოებით 2.5-8.5 მილიგრამი ნახშირბადი წარმოიქმნება, ხოლო ხელოვნური ალმასის დასამზადებლად კი 1 მილიგრამიც სრულებით საკმარისია.
ასევე იხილეთ: რომელი ქიმიური ელემენტებისგან შედგება ადამიანის სხეული?
კრემაციის შემდეგ ძვლებში ნახშირბადი კარბონატის, ანუ ნახშირმჟავას მარილის, ფორმით გვხვდება — მარილის, რომელიც ნახშირბადის ერთი და ჟანგბადის სამი ატომისგან შედგება.
კომპანია Eterneva (ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ფერფლს ბრილიანტებად გარდაქმნის) განმარტავს, რომ ეს პროცესი კომპლექსური და უაღრესად საინტერესოა.
თავდაპირველად აირებს იყენებენ და კარბონატებს მინარევებისგან წმენდენ. შემდეგ უკიდურესად მაღალი ტემპერატურის მეშვეობით მას სუფთა ნახშირბადად გარდაქმნიან ჟანგბადით ღარიბ პირობებში. მიღებულ ნახშირბადს ბოლოს ალმასის თესლს უმატებენ. ეს უკანასკნელი მერე HPHT პროცესს გადის, როგორც ნებისმიერი სინთეზური ალმასი.
ლაბორატორიები პროცესში საკმაო რაოდენობის ისეთ ნახშირბადსაც იყენებენ, რომლის წყაროც ადამიანის ნარჩენები არაა. ეს იმიტომ, რომ ფერფლი მაინც შეიცავს მინარევებს, ამან კი ბრილიანტის ფერი და სისუფთავე შეიძლება შეცვალოს. მეტიც, დასრულებულ პროდუქტში ე.წ. პირადი ნახშირბადის წილი, რომელიც ადამიანის ნარჩენებისგან მოდის, მხოლოდ 10-15 პროცენტია ხოლმე.
არაერთი კომპანია აძლევს ხალხს საშუალებას, კრემაციის შემდგომი ნარჩენები ბრილიანტად გარდაქმნან. ფასი ხარისხზეა დამოკიდებული და, კრემაციის ინსტიტუტს თუ დავუჯერებთ, $750-იდან $20 000-ამდე მერყეობს.
კომენტარები