ფიზიკოსებმა წყალზე წერის გზას მიაგნეს — იხილეთ ნიმუშები
წყალში წერა ამჟამად შეუძლებელია, რადგან ეს მასალა ფორმას ვერ ინარჩუნებს, მუდმივად ბრუნავს და მელანიც მალე იშლება. მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა ახლახან სპეციალური "კალამი" შექმნეს, რომელმაც, შესაძლოა, ეს პერსპექტივა რეალობად აქციოს.
მოწყობილობა პატარა მძივია და სიგანეში სულ რაღაც 50 მიკრონია. იგი სპეციალური მასალისგან დაამზადეს, რომელიც სითხეში იონებს მიმოცვლის და შედარებით დაბალი pH-ის მქონე ზონებს წარმოქმნის. შემდეგ წყალში შეტივტივებული ნაწილაკები მჟავური ნაწილისაკენ მიემართება. ამ ზონის შექმნით მუდმივი ხაზების მიღებაა შესაძლებელი, რომლებიც დაახლოებით 15 წუთს ნარჩუნდება.
იმისათვის, რომ ნაწერმა არ იმოძრაოს ან იგი არ შეიცვალოს, პროტოტიპი წყალს ამოძრავებს მძივის გარშემო და არა თავად ბურთულას წყალში. თავდაპირველად მკვლევრები ამას ხელით აკეთებდნენ, შემდეგ კი — პროგრამირებადი მოწყობილობის მეშვეობით.
"წყლის აბაზანაში, რომელიც ევროს მონეტაზე დიდი არ ყოფილა, შევძელით და სახლის მაგვარი მარტივი ორნამენტი შევქმენით...", — აცხადებს თომას პალბერგი, კვლევაში ჩართული ფიზიკოსი — "მაგრამ ისევ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ".
კალმის მიკროსკოპული ზომის — და იმ ფაქტის, რომ წყალი მოძრაობს კალმის გარშემო და არა პირიქით — წყალობით სითხე მაქსიმალურად ინარჩუნებს სტაბილურობას. იმ ტექნიკების მეშვეობით, რომლებიც სინათლის გამოყენებას მოიცავს და იონების მიმოცვლას იწყებს/აჩერებს, სხვადასხვა ფორმის წარმოქმნაც შესაძლებელია.
ამ ყველაფრის პრინციპში გასარკვევად, გარდა ფიზიკური ექსპერიმენტებისა, მეცნიერებმა თეორიულ მოდელებზეც იმუშავეს. მათი ვარაუდით, შესაძლებელი იქნება, ტექნიკა სხვა ტიპის კალმებზეც გავრცელდეს; მაგალითისთვის, ლაზერებით გახურებულ კალმებზე, რომლებიც წყალში ავტონომიურად გადაადგილდება.
როგორც მკვლევრები აცხადებენ, ტექნოლოგია ჯერ განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზეა. მეორე მხრივ, იგი არაერთ პერსპექტივას მოასწავებს, ახალი ტიპის ხელობები იქნება ეს თუ სითხეში ქიმიურ ნარჩენებზე დაკვირვების შესაძლებლობა.
ნაშრომი ჟურნალში Small გამოქვეყნდა.
კომენტარები