რობოტებს უკვე საპირფარეშოს დასასუფთავებლადაც იყენებენ — აშშ-ში ახალი სერვისი ამოქმედდა
რობოტი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მუშაობს.
რობოტმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე არაერთი ფუნქცია შეითავსა: ზოგს პიცის გამოცხობა შეუძლია, ზოგი ორკესტრს დირიჟორობს, ზოგი ხარაჩოზე დადის და ხელოსანს ეხმარება, სხვა კი სულაც სრულყოფილ ქანდაკებებს ქმნის მარმარილოსგან.
თუ რობოტებზე მეტის გაგება გინდა, ამ ბმულზე ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობი.
ყოველდღიურ ცხოვრებაში რობოტი მიმტანადაც გვიხილავს (მაკდონალდსის ცნობილი ქეთო) და ქირურგის დამხმარედაც. New Atlas-ის მოხსენებით, ახალი სერვისის ფარგლებში აშშ-ში მათ უკვე საპირფარეშოს დასასუფთავებლადაც იყენებენ.
უწყების თანახმად, მომსახურება კომპანია Somatic-ს ეკუთვნის. იგი თვეში $1,000 ღირს და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომუშავე რობოტის მომსახურებას ითვალისწინებს. მომსახურებამდე თანხის გადახდა არაა საჭირო; ამასთანავე, რობოტი დამოუკიდებლად მუშაობს.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ მოწყობილობა ოფისში გადაადგილდება, სხვადასხვა საპირფარეშოსკენ ლიფტების მეშვეობით მიეშურება და კომპლექსურ შენობაში შეუძლია ორიენტირება; იგნებს გზას, ასრულებს თავის საქმეს და ამისათვის დიდი დახმარება სულაც არ სჭირდება.
მუშაობის პროცესში რობოტს შეუძლია, საპირფარეშო შვაბრით მორეცხოს, მტვერსასრუტით დაასუფთაოს და დეზინფექცია ჩაატაროს. მეორე მხრივ, იგი უჩვეულო ან კომპლექსურ დაბინძურებას ვერ უმკლავდება. ამ დროს რობოტი თავის მეთვალყურეს უგზავნის სურათს, პოტენციურად კი დახმარებისათვის დამლაგებელს უხმობს. შესაბამისად, სერვისი დამლაგებლებს სრულად ვერ ჩაანაცვლებს.
მაშ, საიდან იცის რობოტმა, საით წავიდეს და რა გააკეთოს? — Techcrunch-ის ვიდეოს მიხედვით, კომპანია რობოტის გაგზავნამდე ჯერ ოფისის გეგმას ადგენს; ჰყავთ სპეციალური კადრიც, რომელიც ვირტუალურად ასრულებს ყველა იმ მოქმედებას, რომლებიც შემდგომში რობოტს უნდა დაევალოს.
ამ პროცესის შემდეგ რობოტმა უბრალოდ ერთი და იგივე მოქმედებები უნდა გაიმეოროს. ყოველდღიურ რუტინას იგი თავისუფლად ართმევს თავს, რადგან გაუთვალისწინებელ არეულობაზე პასუხისმგებელი არაა.
თავისთავად, რობოტების დასაქმებას დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც. ერთი მხრივ, იგი დამლაგებლებს საქმეს გაუმარტივებს. მიუხედავად ამისა, ამ სამუშაოს ზოგჯერ ისეთი ხალხი ასრულებს, ვისაც სხვა კარიერული პერსპექტივები არ აქვს, ამიტომ მათი საქმის ჩანაცვლება კარგ შედეგს არ გამოიღებს.
ასევე იხილეთ: ინდურ სტარტაპში კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტთა 90% დაითხოვეს და ჩატბოტით ჩაანაცვლეს
რობოტის დაქირავება დამსაქმებლისათვის მეტად სარფიანიც შეიძლება იყოს. New Atlas-ის გამოთვლებით, კვირაში 40 საათით რობოტის დაქირავებისას იგივე თანხა დაიხარჯება, დასაქმებულს რომ საათში $5.68 გადავუხადოთ, რაც, აშშ-ს სტანდარტით, მინიმალურ ანაზღაურებაზე ბევრად მცირე თანხაა.
რადგან რობოტის დაქირავება დროსა და ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს, სავარაუდოდ, კომპანიები მათ გამოყენებას მასშტაბურად დაიწყებენ. შესაძლოა, სამსახურების დაკარგვის პრობლემის საპასუხოდ რეგულაციების შემოღება გახდეს საჭირო, რათა დამსაქმებლები დასაქმებულებს ახალი უნარების ათვისებაში დაეხმარონ.
კომენტარები