იხილეთ რობოტი, რომელიც მარმარილოსგან სრულყოფილ ქანდაკებებს ქმნის
იტალიურმა სტარტაპმა Robotor-მა შექმნა რობოტი, რომელიც მარმარილოსგან ქანდაკების შექმნაში ისეთივე კარგია, როგორც მისი რენესანსის დროინდელი "კოლეგები".
CBS News-ის ცნობით, Robotor-ის დამფუძნებელი ჯაკომო მასარი დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიის მიერ შექმნილი ქანდაკებები თითქმის ისეთივე კარგია, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი.
"შეიძლება ითქვას, მსგავსება 99%-იანია. ის ერთი პროცენტი, ადამიანის შეხება, განსხვავებას ქმნის. ეს ერთი პროცენტი ძალიან მნიშვნელოვანია. რობოტი არ იპარავს ადამიანების საქმეს, პირიქით, ის მას აუმჯობესებს", — განაცხადა ჯაკომო მასარიმ.
ხელოვნება რობოხელოვნების წინააღმდეგ
Robotor-ის 1L 4-მეტრიანი, საკმაოდ მასიური მოწყობილობაა, რომელიც მარმარილოს დაუმუშავებელ ქვას ფენებს ძალიან ფრთხილად აცლის, სანამ სკულპტურას არ მიიღებს.
კომპანიის მტკიცებით, ტექნოლოგია რევოლუციურია.
"მასალა ახლა შეიძლება ექსტრემალურ პირობებში შეიცვალოს და კომპლექსურ ნაშრომად გადაიქცეს, რაც ერთ დროს წარმოუდგენელი გვეგონა. ჩვენ სკულპტურის ახალ ეპოქაში შევდივართ, რომელშიც არ იქნება დამტვრეული ქვა და მტვერი. ამის ნაცვლად აქ იქნება სკანირება, წერტილოვანი სიზუსტით მუშაობა და დიზაინი", — ვკითხულობთ კომპანიის ვებსაიტზე.
ბუნებრივია, გამოგონებით აღფრთოვანებული ყველა არ არის. კრიტიკოსების აზრით, მოდერნიზაციის პროცესში შესაძლოა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უბრალოდ დაიკარგოს.
"ჩვენ ხელებით მუშაობის დავიწყების რისკის წინაშე ვდგავართ. იმედი მაქვს, გარკვეული ცოდნა შენარჩუნდება, თუმცა რაც უფრო წინ წავალთ, მისი დაცვა უფრო და უფრო რთული გახდება", — განუცხადა CBS-ს ფლორენციის საკათედრო ტაძრის სკულპტორმა ლორენცო კალჩინაიმ.
კომენტარები