ნახეთ უახლესი ვიდეო: Boston Dynamics-ის რობოტი ხარაჩოზე დადის და ხელოსანს ეხმარება
Boston Dynamics-ის ორ ფეხზე მოსიარულე რობოტი — Atlas ახალ უნარებში დახელოვნდა. ამჯერად პარკურის მოძრაობებითა და ცეკვით ცნობილი, მოქნილი რობოტი ხელოსნის დამხმარედ გვევლინება.
კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სახელად Atlas Gets a Grip, ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება Atlas ხარაჩოზე, მეტიც, როგორ ირგებს მას თავის თავზე, იმისათვის, რომ ხარაჩოს თავზე მდგარ ხელოსანს საჭირო ინსტრუმენტები მიაწოდოს. დავალების შესრულების შემდეგ რობოტი მისთვის უკვე სახასიათო, პარკურის მოძრაობით ეშვება ძირს.
რა თქმა უნდა, Boston Dynamics-ის მიერ გავრცელებული ვიდეო დიდი დროის პროგრამული სამუშაოს გაწევის შედეგია, თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ცდა დასჭირდა კომპანიას ვიდეოში ნაჩვენები შედეგის მისაღწევად, ეს მაინც შთამბეჭდავი წინსვლაა, ისევე, როგორც იმის დემონსტრაცია, თუ როგორ შეუძლია რობოტს ადამიანის დამხმარედ იქცეს. ადრე Atlas-ს ვხედავდით, როგორც გამორჩეულ რობოტს, რომელსაც მობილობისას სხვადასხვა ტიპის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია (მაგალითად, კიბეზე ან უსწორმასწორო ზედაპირზე გადაადგილება), გარდა ამისა, სხვადასხვა ვიდეოში ის წარმოჩენილი იყო როგორც დახვეწილი რობოტი, რომელსაც მუსიკას აყოლა და ადამიანისებრი ცეკვის მოძრაობების გამეორება შეუძლია. ახლა კი Atlas-ის პრაქტიკული მხარე ვიხილეთ, რაც ლოგიკურიცაა.
"მხოლოდ იმაზე როდი ვფიქრობთ, რობოტს გარემოში დინამიური გადაადგილების შესაძლებლობა შევძინოთ, როგორც ამას Atlas-ის პარკურად და მოცეკვავედ წარმოჩენის დროს ვაკეთებდით; ახლა ჩვენ, Atlas-ის შემთხვევაში, ვიწყებთ ფიქრსა და მუშაობას იმ მხრივ, თუ როგორ შეუძლია რობოტს მის გარშემო არსებული ობიექტების აღქმა და მანიპულაცია (მის მიზნებზე მორგება)", — ამბობს Atlas-ის პროექტის ხელმძღვანელი Boston Dynamics-ში — სკოტ კუინდერსმა.
რობოტების მწარმოებელმა ამ ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ უკვე დაიწყო მისი ორი რობოტის — Stretch-ისა და Spot-ის გაყიდვა. პირველი ბორბლებზე შემდგარი, ცალხელა რობოტია, რომელიც საწყობში ტვირთის გადაზიდვისთვის შეიქმნა, Spot კი ცნობილი რობოძაღლია, რომელიც უკვე არაერთი კომპანიის თანამშრომელია და გარემოს მონიტორინგში იღებს მონაწილეობას.
- Boston Dynamics ყვითელი რობოძაღლების გაყიდვას იწყებს
- რობოძაღლის ევოლუცია — 10 ნაბიჯი Boston Dynamics-ის ლაბორატორიიდან პლანეტა მარსამდე
კუინდერსი ამბობს, რომ ზემოხსენებულ ორ მოდელთან შედარებით, ორ ფეხზე მოსიარულე რობოტებს მეტად შეუძლიათ წარმოების, ქარხნულ თუ სამშენებლო სამუშაოებში ჩაერთონ, რადგან გარემო, რომელშიც აქამდე მხოლოდ ადამიანები მუშაობდნენ, მათზე სპეციფიკურ მორგებას არ საჭიროებს. პირიქით, Atlas-ის მსგავს რობოტებს უკვე შეუძლიათ ეს გარემო დავალების შესასრულებლად საჭირო გათვლებით მოირგონ.
"[გარემოს] მანიპულაცია ფართო კატეგორიაა და ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ამ კუთხით. თუმცა, ასეთი ცდები და დემონსტრაციები გვაჩვენებს იმას, თუ საით მიდის ეს სფერო", — ამბობს Atlas-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბენ სტეფენსი.
სტეფენსი პრეს რელიზში ასევე აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე, სანამ ჰუმანოიდი რობოტები მანუალურ შრომაში ადამიანებს შეცვლიან და მათთვის საშიშ სამუშაოებს შეასრულებენ.
დაბოლოს, განწყობისთვის, Boston Dynamics-ის ვიდეო, რომელშიც Atlas-ის ცეკვა პირველად ვნახეთ და რომლითაც კომპანიამ 2021 წლის დადგომა მოგვილოცა.
კომენტარები