ინდურ სტარტაპში კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტთა 90% დაითხოვეს და ჩატბოტით ჩაანაცვლეს
ინდური სტარტაპში მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტთა 90% დაითხოვეს. ისინი ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მომუშავე ჩატბოტით ჩაანაცვლეს, რომელიც, როგორც ჩანს, კლიენტთა შეკითხვებს თანამშრომლებზე უკეთ უმკლავდება.
სამიტ შაჰმა, სტარტაპ Dukaan-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, 10 ივლისს Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ჩატბოტი მომხმარებელთა თავდაპირველ შეკითხვებს დაუყოვნებლივ სცემს პასუხს, როცა თანამშრომლებს ამისათვის საშუალოდ წუთი და 44 წამი სჭირდებათ. აღნიშნული ბოტი ფირმის მონაცემთა მეცნიერების სპეციალისტებმა შექმნეს ორ დღეში.
ტვიტის მიხედვით, კლიენტის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო დრო ჩატბოტთან ინტერაქციისას თითქმის 98%-ით შემცირდა.
შაჰის თქმით, თანამშრომლების დათხოვნა "რთული", მაგრამ "საჭირო" იყო.
სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა 12 ივლისს CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ სექტემბერში 23 თანამშრომელი დაითხოვეს. ამას ხელი იმან შეუწყო, რომ Dunkaan პატარა ბიზნესებიდან კლიენტზე ორიენტირებულ ბრენდებზე გადაერთო, ასე კი შეტყობინებების გაგზავნის ან დარეკვის საჭიროებაც შემცირდა.
"ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სტარტაპებისათვის "შემოსავლიანობა" უფრო პრიორიტეტული ხდება, ვიდრე "უნიკორნებად" გადაქცევისაკენ სწრაფვა, და ჩვენ ასე ვიქცევით", — დაწერა შაჰმა Twitter-ზე.
ტექნოლოგიის მეშვეობით კომპანიამ მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისის ხარჯები დაახლოებით 85%-ით შეამცირა. შაჰის განცხადებით, ბიზნესის ეს ნაწილი დიდი ხანია პრობლემური იყო, რადგან კრიტიკულ მომენტებში თანამშრომლებს ყოველთვის არ ეცალათ და პასუხები გვიანდებოდა.
ცნობილია, რომ Dukaan-ში სხვადასხვა პოზიციაზე თანამშრომლებს ისევ იღებენ. ფირმის ვებსაიტის მიხედვით, იძებნებიან ინჟინერიის, მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტები.
შაჰის თქმით, მას სჯერა "მომავლის, რომელშიც AI და ადამიანები ერთად მუშაობენ და თითოეული იმას აკეთებს, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის". იგი ფიქრობს, როგორ შეიძლება გამოიყენოს AI გრაფიკული დიზაინის, ილუსტრირებისა და მონაცემთა მეცნიერების კუთხით.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად საზოგადოებაში ის კითხვაც უფრო აქტიურად ისმის, ჩაგვანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი.
ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოხსენებით, ეს ყველაზე მეტად ისეთ საქმიანობებს ემუქრება, რომლებიც ცოტა ან საშუალო დონის უნარებს მოითხოვს.
მიუხედავად ამისა, ტექნოლოგია არარუტინული საქმის შესრულებაშიც იხვეწება. შესაბამისად, შესაძლოა, AI-თ ავტომატიზაციის რისკი სამომავლოდ ფინანსებში, მედიცინისა და იურიდიულ სფეროში დასაქმებულებსაც შეექმნათ.
კომენტარები