მგლოვიარე ტვინის მეცნიერება — რა ხდება, როცა საყვარელ ადამიანს ვკარგავთ
გლოვა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოცდილებაა, რომელიც თითქმის ყველა ჩვენგანს გამოუვლია ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. გარდა იმ ემოციური ტკივილისა და მძაფრი განცდებისა, რომლებიც საყვარელი ადამიანის დაკარგვას მოსდევს, გლოვისას ტვინში არაერთი განსხვავებული პროცესი მიმდინარეობს.
დოქტორ ლიზა მ. შულმანს, მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ნევროლოგს, თუ დავეყრდნობით, ტვინი ტრავმულ დანაკარგს საშიშროებად აღიქვამს, რომელიც გადარჩენას ემუქრება.
"ევოლუციური თვალსაზრისით, ტვინისათვის გადარჩენის უზრუნველყოფაა პრიორიტეტული. შესაბამისად, ნებისმიერ რამეზე, რაც ამისათვის საფრთხედ აღიქმება, ტვინი მძაფრად რეაგირებს, რაც სხეულის მრავალ რეგიონზე აისახება არაპირდაპირ", — განაცხადა მან Live Science-თან საუბრისას — "ჩვეულებისამებრ, ფიზიკურ ტრავმას აღვიქვამთ საფრთხედ, თუმცა სერიოზულ ემოციურ ტრავმასაც ანალოგიური შედეგები მოაქვს".
შულმანის თქმით, ტვინი თავის მიერ აღქმულ სხვადასხვა საფრთხეზე ერთნაირად რეაგირებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას სტანდარტული რეაქცია აქვს ნებისმიერ სერიოზულ ემოციურ ტრავმაზე, იქნება ეს: გლოვა, განქორწინება, სამსახურის დაკარგვა თუ ომში მონაწილეობა.
ამიგდალა, ანუ ტვინის ის რეგიონი, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი, ყოველთვის საფრთხის ძიებაშია. როცა მას რაიმე მოვლენა ააქტიურებს, მთელს სხეულში განგაშის სიგნალი ირთვება: გულისცემა ჩქარდება, სუნთქვა ხშირდება და კუნთებში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, რათა უკეთ ვიბრძოლოთ ან გავიქცეთ.
საგულისხმოა, რომ გლოვის დროს მხოლოდ ეს არაა საქმე — ნაცვლად ამისა, დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში ადამიანს არაერთი ისეთი რამ ახსენდება, რაც ამ რეაქციას გამოიწვევს; შედეგად ამიგდალა მით უფრო მგრძნობიარე და "ჰიპერფხიზელი" ხდება.
"პრიმიტიული ტვინი ძლიერდება დახვეწილი ტვინის ხარჯზე, რომელიც განსჯასა და აზროვნებაზე აგებს პასუხს", — განაცხადა შულმანმა — "ტვინი ზეგანაკვეთურად მუშაობს, რათა ემოციური ტრავმის საფრთხეზე ირეაგიროს, და ფსიქოლოგიურ დაცვის მექანიზმებს ააქტიურებს, მაგალითად უარყოფასა და დისოციაციას".
მერი ფრენსის ო'კონორის, ფსიქოლოგიის მიმართულებით არიზონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, თქმით, მნიშვნელოვანი ევოლუციური ასპექტიც განსაზღვრავს იმას, თუ რატომ და როგორ ვუძლებთ გლოვას.
"გლოვა, როგორც რეაქცია, თავდაპირველად განშორებაზე საპასუხოდ შეიძლება გაჩენილიყო", — განაცხადა მან Live Science-თან საუბრისას — "იმისათვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში განცალკევებისას — მაგალითად, როცა ბავშვები სკოლაში მიდიან ან მეუღლე მიდის სამსახურში — საყვარელ ადამიანებთან კავშირი შევინარჩუნოთ, ტვინში ძლიერი ნეიროქიმიკატები მათდამი ლტოლვას გვიჩენს, მათთან შეხვედრისას კი გვაჯილდოებს".
ო'კონორის ვარაუდით, ტვინი ხშირად საყვარელი ადამიანის სიკვდილზე ისე რეაგირებს, თითქოს ადამიანი მკვდარი კი არაა, არამედ უბრალოდ აქ არ არის.
"ტვინს უნდა, რომ ისინი ვიპოვოთ, ან ისე მოვიქცეთ, რომ ჩვენს მოსაძებნად თავისით მოვიდნენ", — თქვა მან — "მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველთვის გაცნობიერებულად არ ხდება, მგლოვიარეები ხშირად საუბრობენ შეგრძნებაზე, თითქოს მათი საყვარელი ადამიანი ერთ დღესაც უბრალოდ ისევ შემოაღებს კარს".
როდის გაივლის გლოვა?
დრო მკურნალიაო, ხშირად ამბობენ, თუმცა გლოვამ ტვინს ხანგრძლივი კვალიც შეიძლება დაამჩნიოს.
განმეორებადი სტრესისა და ნეიროპლასტიკურობის (ტვინის გარემოსთან ადაპტაცია) გამო ემოციური ტრავმა ტვინის ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად ცვლის. დროთა განმავლობაში ამ მექანიზმების შედეგად შიშის პრიმიტიული ცენტრი ძლიერდება, დახვეწილი ტვინი (თავის ტვინის ქერქი) კი სუსტდება.
ეს ცვლილებები დიდხანს ნარჩუნდება, თუმცა თერაპიისა და პოსტტრავმული ზრდის მეშვეობით მაინც შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება. პოსტტრავმული ზრდა ტექნიკაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება, თავიანთი გამოცდილებიდან ახალი საზრისი აღმოაჩინონ და იმისგან განსხვავებულად იცხოვრონ, ვიდრე ტრავმის მიღებამდე.
დოქტორ უმა სურიადევარას, ფლორიდის უნივერსიტეტში ფსიქიატრიის ასოცირებული პროფესორის, თქმით, მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. მართალია, ზოგიერთმა მოვლენამ, ადგილმა ან თარიღმა გლოვის ტალღა შეიძლება წამოიღოს, თუმცა ტვინი კრიზისს ნელ-ნელა მაინც უმკლავდება. ამისათვის ყველას სხვადასხვა დრო სჭირდება.
"დაძლევის პროცესში ტვინი ახალ ნერვულ კავშირებს აყალიბებს და ტრავმის კომპენსაციას ახდენს", — განაცხადა მან Live Science-თან საუბრისას — "ზოგ ადამიანს "გახანგრძლივებული გლოვის აშლილობა" ემართება, რა დროსაც სიმპტომები ძალიან დიდი ხნით გრძელდება, თუმცა, ჩვეულებრივ, ეს სამუდამო არაა".
ო'კონორის აზრით, შეგვიძლია გლოვა სწავლის ერთ-ერთ ფორმად მოვიაზროთ და ჩავთვალოთ, რომ იგი გლოვის გადალახვასაც უწყობს ხელს და ყოველდღიურ ფუნქციონირებასაც.
"ტვინი ცდილობს ყველა იმ სიტუაციაში გამოერკვეს, რომელშიც თქვენი საყვარელი ადამიანი მანდ უნდა იყოს, მაგრამ როგორღაც არ არის", — თქვა მან — "ამას კომპიუტერს ვადარებ, რომელიც ფონურ რეჟიმში პროგრამას აახლებს. შეიძლება ძალიან გაჭირდეს ვორდის დოკუმენტში წერა, როცა ფონურ რეჟიმში იგი სხვა რამეზე მუშაობს და ეკრანზე სიტყვები ნელა გამოაქვს. ვფიქრობ, ტვინიც ასევე გაფანტულია, როცა ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივი საქმეების კეთებას ვცდილობთ და, უდავოდ, როცა რთული რაღაცების კეთებას ვცდილობთ".
გაფანტულობა და კონცენტრაციის სირთულე, როგორც წესი, დროთა განმავლობაში გაივლის ხოლმე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გლოვა კომპლექსური რეაქციაა დანაკარგზე. მას ემოციური, კოგნიტიური, ქცევითი და ფიზიოლოგიური ცვლილებები ახასიათებს, ანუ ამ რეაქციის წარმოქმნაში ტვინის არაერთი რეგიონი მონაწილეობს.
ამ ეტაპზე ძალიან ცოტა ისეთი კვლევაა ჩატარებული, რომელთა ფარგლებშიც მგლოვიარე ადამიანის ტვინის აქტივობას შესაბამისად დააკვირდებოდნენ. შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ ამ გამოცდილების შესახებ სამომავლოდ მეტის გაგებას შევძლებთ — მართალია, გლოვის ზოგიერთი ასპექტი შედარებით კარგადაა შესწავლილი, თუმცა საკვლევი ჯერაც ბევრია.
კომენტარები