ჯეიმს ვების ტელესკოპმა მომაკვდავი ვარსკვლავი დააფიქსირა
დედამიწიდან 2 600 სინათლის წლის დაშორებით რგოლის ნისლეულია და ის მომაკვდავი ვარსკვლავისგან გაჩნდა, რომელმაც თავისი გარე ფენები კოსმოსში გატყორცნა.
სწორედ ამ ვარსკვლავის ფოტოები გადაიღო ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა.
ფოტოზე მბზინავი გაზის დონატის მსგავსი სტრუქტურის დეტალური გამოსახულებაა. მეცნიერები ამბობენ, რომ მსგავსი ფოტოები ვარსკვლავების სიცოცხლის ციკლის გასაგებად მნიშვნელოვანია.
ნისლეულის გარდა ფოტოზე ასევე ჩანს თეთრი ჯუჯის შიდა რეგიონი.
"ეს ვარსკვლავის სასიცოცხლო ციკლის ბოლო ეტაპია, რომელმაც რგოლის ნისლეული წარმოქმნა. საინტერესოა, რომ იგივე ბედი ელის ჩვენს ვარსკვლავსაც. კონკრეტული მოვლენა ჩვენთვის ერთგვარი ლაბორატორიაა, რომელიც "პლანეტარული ნისლეულების" წარმოქმნისა და განვითარების შესწავლის საშუალებას გვაძლევს", — თქვა მაიკ ბერლოუმ, ასტრონომმა, რომელიც ფოტოს გამოქვეყნებასთან არის დაკავშირებული.
ე.წ. "პლანეტარული ნისლეულები" არასწორი ტერმინია. ის მე-18 საუკუნით თარიღდება, როდესაც ასტრონომ უილიამ ჰერშელს ნისლეული პლანეტებში აერია.
რგოლის ნისლეული ცნობილი "პლანეტარული ნისლეულია", რომელიც ქნარის თანავარსკვლავედში გვხვდება და მისი შემჩნევა მთელი ზაფხულის განმავლობაში შესაძლებელია.
ნისლეული ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც მომაკვდავმა ვარსკვლავმა თავისი ნივთიერების დიდი ნაწილი კოსმოსში გატყორცნა. შედეგად, წარმოიქმნა მბზინავი რგოლები და ღრუბლები.
"რგოლის ნისლეულის ასეთი ეფექტური ფოტო აქამდე არასდროს გვინახავს და ამ მხრივ ჯეიმს ვების მადლიერი უნდა ვიყოთ", — თქვა ალბერტ ზიილსტრამ, მანჩესტერის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორმა.
კომენტარები