უიშვიათესი ნამარხი დინოზავრზე ძუძუმწოვრის თავდასხმას გვიჩვენებს
კანადელმა და ჩინელმა მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში აღწერეს 125 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი, რომელიც დინოზავრისა და ძუძუმწოვრის პრეისტორიულ ბრძოლას გვიჩვენებს. ამაში განსაკუთრებული ის გახლავთ, რომ თავდამსხმელი არა პირველი, არამედ მეორე არსებაა, რომელიც ხორცისმჭამელი იყო, მისი მსხვერპლი კი მცენარეებით იკვებებოდა.
"ორი ცხოველი ერთმანეთში გადახლართულ მდგომარეობაში სასიკვდილო ბრძოლისასაა განამარხებული. ესაა ერთ-ერთი პირველი მტკიცებულება, რომელიც დინოზავრის მიმართ ძუძუმწოვრის მტაცებლურ ქცევას ავლენს", — აცხადებს პალეობიოლოგი, ჯორდან მელონი.
დინოზავრი ფსიტაკოზავრია, რომელიც დიდი ძაღლის ზომის იყო, მისი მოწინააღმდეგე კი მაჩვის მსგავსი რეპენომამია. იმ დროისთვის ეს ცხოველი ძუძუმწოვრებს შორის სიდიდით გამოირჩეოდა. დინოზავრებზე მათი ნადირობის შესახებ აქამდეც ვიცოდით, რადგან ცხოველთა მუცელში მსხვერპლის ძვლები რამდენიმე ასეთ ნამარხშია აღმოჩენილი.
ზემოხსენებულ ნიმუშს ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში მიაკვლიეს, სადაც მრავალი დინოზავრის, ძუძუმწოვრისა თუ ამფიბიის ძვლები ვულკანურმა მატერიამ ნამარხებად აქცია. ანალიზმა ცხადყო, რომ ფსიტაკოზავრი გულაღმა წევს, ხოლო მისი უკანა კიდურები მოკეცილ მდგომარეობაშია. რეპენომამი მარჯვნივ, მსხვერპლის ზემოდანაა მოქცეული და ამ უკანასკნელის ყბაზეა მოჭიდებული, პარალელურად კი ნეკნების მიმდებარედ კბენს.
სპეციალისტების ანალიზმა აჩვენა, რომ დინოზავრი ცოცხალი იყო, როცა ძუძუმწოვარი მას
თავს დაესხა, ანუ ეს უბრალოდ ლეშის ჭამა არაა, არამედ მონადირება. ამაზე მიანიშნებს მათი გადახლართულობაც. უნდა ითქვას, რომ პატარა ცხოველების მიერ შედარებით დიდ არსებებზე თავდასხმა იშვიათობა არაა და ასეთი შემთხვევები დღესაც დაკვირვებადია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები