უცხო ხელის სინდრომი — როცა ხელს "საკუთარი გონება" აქვს
თავის ტვინისა და ნერვების დაზიანებით ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, გარკვეულ უბნებზე კონტროლს კარგავენ. მაგალითად, პარაპლეგიით დაავადებულებმა, შესაძლოა, დაკარგონ კონტროლი ქვედა კიდურებზე ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ. თუმცა რა მოხდება, თუკი დაზიანება კიდურის მოძრაობის უნარს კი არ შეზღუდავს, არამედ მას "საკუთარ გონებას" მისცემს? ამ უცნაურ ფენომენს უცხო ხელის სინდრომი ეწოდება.
უცხო ხელის სინდრომი (AHS), ასევე ცნობილი როგორც ანარქიული ხელის ან დოქტორ სტრეინჯლოვის სინდრომი, უპირველეს ყოვლისა ასოცირდება დაზიანებებთან კორპუს კალოსუმზე, ნერვული ბოჭკოების შეკვრაზე, რომელიც აკავშირებს ტვინის ორ ნახევარსფეროს. მდგომარეობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც დაზიანებული ნახევარსფერო, ერთი შეხედვით, "კარგავს კონტროლს" ხელის ნებაყოფლობით მოძრაობებზე, რაც იწვევს უნებლიე ქმედებებს, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება უცნაური იყოს ან ეწინააღმდეგებოდეს ინდივიდის განზრახვებს. გამომწვევი მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოვლენილი, მაგრამ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ თავის ტვინში დაზიანება, რომელიც წყვეტს პარიეტალური ქერქის კავშირს სხვა კორტიკალური უბნებისგან.
ეს ძალზე იშვიათი მდგომარეობაა და მისი ზუსტი გავრცელებულობა ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, ის გვხვდება კალოსური დაზიანებებისა და ინსულტის მქონე პაციენტების, დაახლოებით, 0,006%-ში. თუმცა, AHS ასევე შეიძლება წარმოიშვას სხვა მიზეზების გამო, მათ შორის: ტვინის სიმსივნეები, ტვინის ოპერაციები, ინფექციები და ნეიროდეგენერაციული დაავადებები, როგორებიცაა: ალცჰაიმერი და კრეიტცფელდტ-იაკობის დაავადება.
1972 წელს ბრაონისა და ჯედინაკის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში მეცნიერებმა ასახეს AHS-ის შემთხვევა. კვლევა ფოკუსირებული იყო 67 წლის კაცზე, რომელმაც განიცადა ინსულტი, რამაც გამოიწვია კორპუს კალოსუმის დაზიანება. ინსულტის შემდეგ პაციენტს აღმოაჩნდა უცხო ხელის სინდრომი. ხელი პაციენტის თანხმობის გარეშე იჭერდა საგნებს, იხდიდა ტანსაცმელს და ხელს უშლიდა მას ყოველდღიურ საქმიანობებში, როგორებიცაა: პარსვა ან ჭამა.
2014 წლის სხვა მოხსენებაში აღწერილი იყო 77 წლის ქალი, რომელიც განიცდიდა იმავე პრობლემას. ტელევიზორის ყურებისას მისმა ხელმა უეცრად დაიწყო მოძრაობა, კანსა და თმაზე შეხება, რაც გაგრძელდა 30 წუთის განმავლობაში. მოგვიანებით ქალს დაუსვეს ინსულტის დიაგნოზი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ AHS შეიძლება მიუთითებდეს ტვინის პრობლემებზე.
დღესდღეობით, ამ მდგომარეობის მკურნალობა ძალიან შეზღუდულია. ზოგიერთ შემთხვევაში იგი უბრალოდ ქრება, თუმცა ზოგჯერ საჭიროებს რეაბილიტაციასა და კოგნიტიურ ქცევით თერაპიას.
კომენტარები