ხელოვნური ინტელექტის როლი ტელეკომუნიკაციის სფეროში
უპრეცენდენტო ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ, ტელეკომუნიკაციების ინდუსტრია, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების დამსახურებით, წინა ხაზზე დგას. AI რადიკალურად ცვლის კომუნიკაციის, კავშირისა და ქსელების მართვის იმ მეთოდებს, რომელთაც დღესდღეობით ვიყენებთ. ეს სტატია სწორედ ტელეკომის სფეროში უკვე მიღწეულ და მოსალოდნელ ცვლილებებს შეეხება — თუ როგორ აუმჯობესებს AI ქსელის ეფექტიანობას, მომხმარებლის გამოცდილებას, პერსონალიზებულ სერვისებსა და სხვა მრავალ ასპექტს, რასაც ინდუსტრია ახალ საფეხურზე აჰყავს.
ხელოვნური ინტელექტით მართული ჩატბოტები და ვირტუალური ასისტენტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას, ასევე უზრუნველყოფენ სისტემის გამართულად ფუნქციონირებას.
Allied Market Research-ის კვლევის მიხედვით, AI-ის წილი ტელეკომუნიკაციების ბიზნესში მომავალი 8 წლის განმავლობაში დაახლოებით 35-ჯერ გაიზრდება. ეს გარდაქმნა, რა თქმა უნდა, ისეთი დიდი ენობრივი მოდელების განვითარების მეშვეობით განხორციელდება, როგორიც, მაგალითად, GPT-3-ია.
AI მომხმარებელთა სამსახურში
ხელოვნური ინტელექტის მომსახურების სფეროში გამოყენებას რუტინული საქმეების ავტომატიზება და ადამიანური კაპიტალის უფრო მნიშვნელოვანი საქმიანობისკენ მიმართვა შეუძლია.
TIDIO-ს კვლევა აჩვენებს, რომ AI ჩატბოტები დღითიდღე პოპულარულები ხდებიან. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დიდი ენობრივი მოდელებითაა აღჭურვილი, სწრაფი, ეფექტიანი და ზუსტია. ამის საუკეთესო მაგალითი არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩენილი ChatGPT-ია, რომლის პასუხებიც რეალურ ადამიანთან დიალოგის მსგავსია — მას შეუძლია გაიგოს, რა სურს მომხმარებელს და დახმარებაც შესაბამისად აღმოუჩინოს.
ამ მიმართულებით მსოფლიოს დიდმა კომპანიებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. მაგალითად, Microsoft-ის დახმარებით Vodafone-მა ციფრული ასისტენტი TOBi შექმნა, რომელიც მომხმარებელს 15 სხვადასხვა ენაზე ესაუბრება და ამჟამად თვეში 25-30 მილიონ ადამიანს უწევს დახმარებას — ეს ნამდვილად შთამბეჭდავი რიცხვია, თუმცა რამდენიმე წელიწადში კომპანია ამ მაჩვენებლის 500 მილიონამდე გაზრდას პროგნოზირებს.
ქსელის ოპტიმიზაცია და კრიტიკული ინციდენტების შემცირება
5G ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად, სავარაუდოდ, მომდევნო 5 წელიწადში ქსელების კომპლექსურობაც საგრძნობლად გაიზრდება. NOKIA-ს პროგნოზით, ეს ზრდა 73%-იანი იქნება და გასული წლების მაჩვენებლებს საგრძნობლად გადააჭარბებს.
Ericsson-ის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი საშუალებების გამოყენება კრიტიკული ინციდენტების რიცხვს 35%-ით, ხოლო ქსელის პერფორმანსის პრობლემებს 60%-ით შეამცირებს. გარდა ამისა, ავტომატიზების შედეგად შემცირდება ენერგიის ხარჯებიც და მთელი ეს პროცესი უფრო ეკომეგობრული გახდება.
ხელოვნური ინტელექტი ტელეკომუნიკაციების პროვაიდერებს ქსელის პარამეტრების, კონფიგურაციების ავტომატურად გამართვასა და ხარჯების შემცირებაში დაეხმარება. გარდა ამისა, AI ალგორითმების გამოყენებით დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავება და წარმოქმნილი პრობლემის ოპერატიულად გადაჭრაცაა შესაძლებელი. ამ მიმართულებით ხელოვნურ ინტელექტს ამჟამად ტელეკომუნიკაციების კატარული გიგანტი, Ooredoo იყენებს.
თაღლითობის პრევენცია
ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში თაღლითობის პრობლემა ათწლეულებია დგას, რაც საფრთხისშემცველია როგორც ბიზნესისთვის, ისე საზოგადოებისთვისაც. CFCA-ის მონაცემებით, 2021 წელს თაღლითობის შედეგად ინდუსტრიის ზარალმა დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები და ზარალი სტატისტიკურად იზრდება, პრობლემის მოსაგვარებლად ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრეცენდენტი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა ხელოვნური ინტელექტი შეგვიძლია მივიჩნიოთ საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების ეფექტურ საშუალებად. როგორც უკვე ვახსენეთ, AI ალგორითმებს ძალიან დიდი მონაცემების უმცირეს ვადაში გაანალიზება შეუძლიათ, შესაბამისად, ამავე მეთოდით თაღლითური აქტივობების შემჩნევა და პრევენცია საუკეთესო გამოსავალი შეიძლება იყოს.
გაუმჯობესებული მარკეტინგი
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხელსაყრელი იქნება ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა პერსონალიზებული მარკეტინგი და გადაწყვეტილებების ავტომატიზებული მიღება. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტი დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავების საფუძველზე მარტივად შეძლებს, გამოკვეთოს ტრენდები და ტენდენციები მომხმარებელთა ქცევაში. ეს დაეხმარება ტელეკომუნიკაციების პროვაიდერებს, რომ პროდუქტი, სტრატეგია და სერვისები მაქსიმალურად მოარგონ კლიენტთა სურვილებს და, შესაბამისად, სფეროში არსებული დიდი კონკურენციის ფონზე, პოზიციები შეინარჩუნონ.
ხელოვნური ინტელექტის მომავალი ტელეკომუნიკაციაში
AI-ის მომავალი ტელეკომუნიკაციის სფეროში საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურება. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, მისი დროულად და გამართულად ინტეგრაციის შემთხვევაში მისგან წამოსული ბენეფიტებიც გაიზრდება. დღესდღეობით უკვე არსებობს მოდელები, რომელსაც დიდი რაოდენობის მონაცემებზე დაყრდნობით საფრთხეების კალკულაცია შეუძლია. ამ ინოვაციიდან მომდინარე სარგებელი ორნაირად შეიძლება გავიგოთ: პირველ რიგში, სისტემა ინდუსტრიას ტექნიკური ხარვეზების ადრეული პროგნოზირებით დაეხმარება, მეორე გაგებით კი ის პერსონალურ მონაცემთა დაცვას გააუმჯობესებს, რაც ტელეკომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უდიდესი და მუდმივი გამოწვევაა.
ამ ეტაპზე, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება უსაფრთხოების სისტემისა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება, ხარჯების შემცირება და პერსონალის ეფექტიანი გამოყენება — ამ ყველაფერში კი ხელოვნური ინტელექტი ტელეკომუნიკაციების პროვაიდერებს ასისტენტობას საუკეთესოდ გაუწევს. მომავალ სტატიებში კი ტელეკომისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კავშირის სხვა, არანაკლებ საინტერესო დეტალებსაც მიმოვიხილავთ.
კომენტარები