აფხაზეთში პოლიციას უბრძანეს, ტურისტებს ფული აღარ გამოსძალონ
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერტ კიუტმა პოლიციას უბრძანა, რომ რუსულ ნომრიანი მანქანები ქრთამის აღების მიზნით არ გააჩერონ.
27 ივნისს, გუდაუთაში, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის შეხვედრაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ რუსულ ნომრიანი მანქანები "საფუძვლიანი მიზეზის" გარეშე არ უნდა გააჩერონ.
კიუტმა აღნიშნა, რომ რადგან ტურისტები საზღვართან "ყველა საჭირო შემოწმებას" გადიან, აფხაზეთის ტერიტორიაზე საკონტროლო შემოწმება საჭირო არაა.
ტურისტებს, რომლებიც რუსეთიდან აფხაზეთში გადადიან, აქვთ დოკუმენტები, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, რუსული და აფხაზური დაცვის სამსახურის მიერ მოწმდებიან და მანქანის დაზღვევაც სავალდებულოა.
"ხალხი აქ დასასვენებლად მოდის, რამე მწყობრში რომ არ ჰქონდეთ [იგულისხმება დოკუმენტაცია], [...] ალბათ, აქ ვერ შემოაღწევდნენ. საზღვარსაც კი ვერ გადმოკვეთდნენ", — განაცხადა კიუტმა.
"[მძღოლებს] უბრალოდ, მათი დოკუმენტების შესამოწმებლად არ უნდა აჩერებდნენ. თუ დარღვევაა, შესაბამის ზომებს მიმართეთ, მაგრამ ისინი გამართლებული უნდა იყოს, რათა საჩივრებს არ ვიღებდე იმასთან დაკავშირებით, რომ ქრთამის აღება ხდება".
რას ნიშნავს "საჭირო ზომების" მიღება ტურისტების მიმართ, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან აფხაზების მიერ საგზაო მოძრაობის წესებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები მოქალაქეობის არმქონე ადამიანებზე არ ვრცელდება. როცა აფხაზეთის მოქალაქე კანონს არღვევს, პოლიციას მართვის მოწმობის კონფისკაციის უფლება აქვს. მათ მოწმობის დაბრუნება მას შემდეგ შეუძლიათ, რაც საგზაო პოლიციის დეპარტამენტში ჯარიმას გადაიხდიან.
აფხაზეთის პოლიციას არ აქვს უფლება, რუსეთის მოქალაქეებს მართვის მოწმობა ჩამოართვას, მაგრამ ცნობილია, რომ ასე მოქმედებდნენ და ტურისტებისგან დოკუმენტების სანაცვლოდ თანხის გადახდას ითხოვდნენ.
ბოლო წლებში, შინაგან საქმეთა მინისტრები მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ, საგზაო პოლიციას მოუწოდებდნენ, რომ უცხოელი ვიზიტორებისგან ჯარიმის გადახდა არ მოეთხოვათ.
ტურისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო 5 წელში საგზაო პოლიციის ქცევაში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ამჩნევდნენ.
ალექსანდრ დოროფეევი ლიპეცკიდან, დასავლეთ რუსეთიდან, ბოლო 8 წელია აფხაზეთში ისვენებს და OC Media-სთან ამბობს, რომ საგზაო პოლიციის დამოკიდებულება ტურისტების მიმართ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
"ამ გაგებით, რუსეთში მოგზაურობა ბევრად რთულია" — აღნიშნავს დოროფეევი.
"იქ თუ გაჩერებენ, დაუყოვნებლივ საფულე უნდა მოამზადო. უბრალოდ არავინ გაგიშვებს, სულ რომ გადაცდომა არ გქონდეს, მაინც. აქ კი ერთხელ გამაჩერეს, ისიც იმის გამო, რომ ეჩვენებინათ, სად შემეძლო დაზღვევის აღება".
შესაძლოა ეს ნაბიჯი იმის რისკს ქმნიდეს, რომ პოლიცია შემოსავლის ნაკლებობის ამოვსებას ადგილობრივების ხარჯზე ეცდება, თუმცა საგზაო პოლიციის ოფიცერი OC Media-სთან ამბობს, რომ ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან აფხაზეთში კავშირები მაღალ დონეზეა.
"სრულიად უნიკალური სიტუაცია გვაქვს — სამართალდამრღვევებს გათავისუფლებისთვის ფულს არ ვართმევთ, ასე რომ ვთქვათ, მათ ძმურად ვათავისუფლებთ, რადგან ნაცნობი, ძმა, სიდედრ-სიმამრია", — აღნიშნა ოფიცერმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
"პერსონალის რეგიონებს შორის როტაციაც კი არ აგვარებს სიტუაციას — პატარა ქვეყანა ვართ და ერთმანეთს ყველა იცნობს. საკმარისად მტკიცე არ ვარ, რომ ჩემი მასწავლებლის ვაჟს ან მისი კლასელის მამას ჯარიმა დავუწერო. ყველა პრობლემა აქედან მომდინარეობს".
ოფიცერმა დაამატა, რომ ყოველდღიურად ბევრად მეტ დარღვევას აქვს ადგილი, ვიდრე ეს ოფიციალური ცნობებით ვრცელდება.
2023 წლის 23 მარტს, აფხაზეთის პარლამენტმა კენჭი უყარა სიმთვრალეში მანქანის მართვისთვის ჯარიმის 12 ათასი რუსული რუბლიდან ($130) 30 ათასამდე ($330) გაზრდას პირველი დარღვევის შემთხვევაში, ხოლო მეორე დარღვევის შემთხვევაში 50 ათას რუბლის ($560) ოდენობის ჯარიმასა და მართვის მოწმობის ერთი წლით ჩამორთმევას.
ახალი პირობებით უკვე ბევრი დაჯარიმდა, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ვებგვერდზე რეიდების შედეგებს ყოველდღიურად აქვეყნებს.
კომენტარები