ევკლიდე უკვე კოსმოსშია — სამყაროს ყველაზე ბნელი და დიდი საიდუმლოს ამოსახსნელად
1 ივლისს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დედამიწიდან კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა. ეს ევკლიდეა (Euclid), რომელმაც სამყაროს უდიდესი საიდუმლოებები უნდა ამოგვახსნევინოს. აპარატი, რომელიც ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის შესასწავლადაა შექმნილი, დედამიწის ორბიტაზე SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიტანა.
ევკლიდე თბილისის დროით 19:12-ზე, ფლორიდის შტატის კანავერალის კონცხიდან გაუშვეს, მისგან საპასუხო სიგნალი კი 19:57-ზე მიიღეს.
1.2 მეტრის დიამეტრის კოსმოსურ ტელესკოპს გეზი მისი ორბიტალური მიზნისკენ, ლაგრანჟის მეორე წერტილისკენ (L2) აქვს აღებული, რომელიც დედამიწიდან 1.6 მილიონი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ამ ადგილზე მუშაობს NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც.
ლაგრანჟის მეორე წერტილამდე მიღწევის შემდეგ ევკლიდე ორ თვეს მისი ინსტრუმენტების მწყობრში მოყვანასა და ტესტირებას დაუთმობს. ის აღჭურვილია ხილვადი სინათლის კამერით და ინფრაწითელთან მიახლოებული კამერით/სპექტრომეტრით, რომელიც მას მომდევნო 6 წლის განმავლობაში, სამყაროზე დაკვირვებისთვის დასჭირდება.
ევკლიდეს მიზანი
ევკლიდეს უმთავრესი მიზანი სამყაროს "ბნელ მხარეზე" დაკვირვებაა. ეს ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესწავლას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ბნელი მატერია აქამდე არასდროს დაფიქსირებულა, თუმცა მიჩნეულია, რომ სამყაროში არსებული მატერიის 85%-ს სწორედ ის შეადგენს. ხოლო ბნელი ენერგია მისტიკური ძალაა, რომელიც სამყაროს აჩქარებულ გაფართოებაზე აგებს პასუხს.
ეს თეორია ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იღებს სათავეს, ხოლო ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესახებ მტკიცებულებების მოგროვება მეცნიერებს საშუალებას მისცემს, სამყარო უფრო დეტალურად შეისწავლონ. მაგალითად, გასცენ პასუხები ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რისგან შედგება სამყარო? როგორ შეიცვალა გაფართოების სიჩქარე დროთა განმავლობაში? ან შეგვიძლია თუ არა უფრო ზუსტად ავხსნათ გრავიტაცია.
ვრცლად ბნელ მატერიაზე: ის აქ არის, მაგრამ ვერ ვხედავთ — ბნელი მატერია სამყაროსა და მზის სისტემაში
მიჩნეულია, რომ როგორც ბნელი ენერგია, ასევე ბნელი მატერია თამაშობს როლს კოსმოსში ობიექტების, მაგალითად, გალაქტიკებისა და ვარსკვლავების გადაადგილებაში.
ევკლიდეს მიზანი სამყაროს ყველაზე დიდი და ზუსტი, სამგანზომილებიანი რუკის შექმნაა. ამ პროცესში ის მილიარდობით გალაქტიკას დააკვირდება 10 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით და გამოარკვევს, როგორ შეიძლება მატერია დაჭიმულიყო და დაშლილიყო დროთა განმავლობაში, ბნელი ენერგიის გავლენით. ეს დაკვირვებები ევკლიდეს მისცემს საშუალებას ეფექტიანად დაინახოს, თუ როგორ განვითარდა სამყარო ბოლო 10 მილიარდი წლის განმავლობაში.
ტელესკოპს ბერძენი მათემატიკოსის, ევკლიდეს სახელი ჰქვია. ის ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 300 წელს ცხოვრობდა და გეომეტრიის მამად მიიჩნევა.
ESA-ს მისიაში მონაწილე ტელესკოპის — ევკლიდეს შექმნაში 2 000-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა 13 ევროპული ქვეყნიდან, ასევე აშშ-დან, კანადიდან და იაპონიიდან.
ტელესკოპის დახმარებით მიღებული გამოსახულების ხარისხი ოთხჯერ მკვეთრი იქნება, ვიდრე დედამიწაზე არსებული ობსერვატორიებიდან იღებენ. გარდა ამისა, ევკლიდეს ფართე პერსპექტივის წყალობით, მის კამერას შეუძლია 100-ჯერ დიდი მონაცემების აღბეჭდვა, ვიდრე ჯეიმს ვების ტელესკოპის კამერა ასახავს.
მუშაობის განმავლობაში, ტელესკოპი შექმნის 1.5 მილიარდი გალაქტიკისგან და ვარსკვლავებისგან შემდგარ კატალოგს. ეს იქნება უძვირფასესი მონაცემები ასტრონომებისთვის, რომელიც მოიცავს გალაქტიკების ფორმას, მასას და ყოველწლიურად წარმოქმნილი ვარსკვლავების რაოდენობას. ევკლიდეს ინფრაწითელთან მიახლოებულ სპექტრში ხედვის შესაძლებლობა საშუალებას მოგვცემს, აქამდე უხილავი ობიექტები დავინახოთ ჩვენს მშობლიურ ირმის ნახტომის გალაქტიკაშიც, მათ შორის ყავისფერი ჯუჯები და ვარსკვლავები.
2027 წლის მაისში ევკლიდეს Nancy Grace Roman Telescope შეუერთდება. ეს დუო კოსმოსის გაფართოებას შეისწავლის და ორივე კოსმოსის სამგანზომილებიან რუკას შეადგენს.
"აღმოჩენიდან ოცდახუთი წლის შემდეგ, სამყაროს დაჩქარებული გაფართოება რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საიდუმლოდ ასტროფიზიკაში. ამ ტელესკოპებით ჩვენ გავზომავთ ბნელ ენერგიას სხვადასხვა გზით და ბევრად მეტი სიზუსტით, ვიდრე აქამდე და ასე ამ საიდუმლოების ამოხსნის ახალ ეპოქას დავიწყებთ", — ამბობს ჯეისონ როდესი, უფროსი მკვლევარი და მეცნიერი NASA-ს Jet Propulsion Laboratory-ში, რომელიც ევკლიდეზე მომუშავე ამერიკული გუნდის წევრი იყო.
კომენტარები