რა ხდება, როცა პორნოგრაფიის ყურებას წყვეტ? — ახალი კვლევა პორნოდამოკიდებულების შესახებ
მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში სცადეს გაერკვიათ, იჩენდა თუ არა თავს პორნოდამოკიდებულების რაიმე სიმპტომი, თუ ცდისპირები პორნოგრაფიის ყურებას 7 დღით შეწყვეტდნენ.
დღესდღეობით სექსუალური შინაარსის +18 ვიდეოები საკმაოდ ყურებადია. მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პორნოსაიტზე PornHub, 2019 წლის მონაცემებით, ვებგვერდზე შესვლის 42 მილიარდი, ხოლო სხვადასხვა ტიპის კონტენტის ძიების 39 მილიარდი ფაქტი დაფიქსირდა.
აქედან გამომდინარე, ხშირად მიდის მსჯელობა იმაზე, არიან თუ არა ეს ადამიანები პორნოგრაფიაზე დამოკიდებულნი და რამდენად ავლენენ მსგავსი მდგომარეობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. საუბარია ისეთ სიმპტომებზე, როგორიც ნივთიერებებზე დამოკიდებულ ინდივიდებში ვლინდება.
ამის გასარკვევად, სპეციალისტებმა სტუდენტი მოხალისეები გამოიკვლიეს (64.2% ქალი გახლდათ), რომლებმაც იქამდე გასული 4 კვირის განმავლობაში პორნოგრაფიას სამჯერ ან მეტჯერ უყურეს. ისინი ორ ნაწილად გაყვეს, საიდანაც ერთი კონტროლ ჯგუფი იყო, რომლებმაც პორნოვიდეოების ყურება ჩვეულებრივ განაგრძეს, სხვებს კი სთხოვეს, ამისგან თავი შეეკავებინათ.
7 დღის შემდეგ გაირკვა, რომ მეორე ჯგუფის 54.65%-ს ამ პერიოდში პორნოგრაფიისთვის საერთოდ არ უყურებია, 45.35%-მა კი ერთხელ ან მეტჯერ უყურა. კერძოდ, 7-მა ინდივიდმა პორნოვიდეო ერთხელ, 11-მა ორჯერ, 9-მ სამჯერ, ხოლო 12-მა — ოთხჯერ ან მეტჯერ ნახა.
აღსანიშნავია, რომ მიზანი თავშეკავების მცდელობა იყო და არა ამ ერთგვარ ჩვევაზე გარანტირებულად უარის თქმა. ცდისპირებს ყოველდღიურად გამოკითხვა უტარდებოდათ როგორც განწყობის, ასევე პორნოგრაფიის დანაკლისისა და სხვადასხვა სიმპტომის შესახებ.
მეცნიერებს თავდაპირველი გამოკითხვის შედეგებთან შედარებით რაიმე დადებითი ან უარყოფითი ეფექტი, დანაკლისი და დამოკიდებულებისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ გამოუვლენიათ. პირიქით, იმ ადამიანებში, რომელთაც მსგავსი სიმპტომები აწუხებდათ, მდგომარეობდა გაუმჯობესდა კიდეც, რაც მსგავსი ტიპის კვლევებში ხშირია.
ერთადერთი მცირე სხვაობა იმ მოხალისეებში დაფიქსირდა, რომელთაც ე.წ. პორნოგრაფიის პრობლემატური გამოყენების (PPU) მაღალი დონე აღენიშნებოდათ. მათ შემთხვევაში სექსუალური შინაარსის ვიდეოების დანაკლისი იგრძნობოდა, რაც შესაძლოა, არა სიმპტომი, არამედ მაღალი სქესობრივი მოთხოვნილების ნიშანი იყოს.
"თუ მონაწილეთა პირველადი მიზანი პორნოგრაფიის ყურებისას მასტურბაცია იყო, მაშინ ეს თავშეკავების პერიოდში სექსუალური მოთხოვნილების და/ან აღგზნების ბუნებრივი გამოხატულებაა", — აცხადებენ ავტორები.
ამის მიუხედავად, ისინი ამბობენ, რომ PPU-ს მქონე ადამიანების უკეთ გამოკვლევაა საჭირო. მათი ნაშრომი გამოცემაში Archives of Sexual Behavior გამოქვეყნდა.
კომენტარები