პენისის ფორმის გულსაკიდი შესაძლოა, ადამიანის გენიტალიის ამსახველი უძველესი ნიმუში იყოს
გამომსახველობითი ხელოვნების ნიმუშები ევროპაში 37 000, აფრიკაში კი 30 000 წლის წინ უკვე არსებობდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 50 000-40 000 წლის წინანდელი მაგალითებია ცნობილი.
ადამიანის გენიტალიის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულება საფრანგეთში მდებარე გამოქვაბულის კედელზეა და 32 000 წლის წინანდელია. მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, მონღოლეთში 2016 წელს აღმოჩენილი პენისის ფორმის გულსაკიდი შესაძლოა, ყველაზე ადრეული ასეთი ნიმუში იყოს, რადგან მისი ასაკი 42 000 წელია.
ერთი შეხედვით, ის კაცის სასქესო ორგანოს არ ჰგავს, თუმცა შუა ნაწილში და ზემოთ გაკეთებული ჭრილები მიუთითებს, რომ ეს სწორედ პენისის ფორმაა. მსგავსი არტეფაქტები საფრანგეთსა და გერმანიაშიცაა მიკვლეული.
გულსაკიდის სიგრძე 43.4 მმ, სიგანე 21.4 მმ, სისქე კი 13.9 მმ გახლავთ. მეცნიერთა თქმით, ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ ობიექტი ზედა პალეოლითის ხანას ეკუთვნის. კერძოდ, ის ზედა პალეოლითისა და ადრეული კლასიკური ზედა პალეოლითის გარდამავალი პერიოდის დროინდელი უნდა იყოს.
მის გამოსაკვლევად ავტორებმა სპექტროსკოპული, მიკროსკოპული და რუგოსიმეტრიული მეთოდები გამოიყენეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები