Messenger-ს ახალი ფუნქცია ემატება: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სტიკერებს თავადვე შექმნით
"...სტიკერები მხოლოდ აისბერგის წვერია"
Meta თავის პროდუქტებში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირებაზე მუშაობს. გეგმის ფარგლებში Messenger პლატფორმაზე AI სტიკერები დაემატება.
კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე აჰმად ალ-დაჰლე, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით Meta-ს ვიცე-პრეზიდენტი, თანამშრომლებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. კომპანია გამოსახულებების გენერირების მოდელს გამოიყენებს და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ტექსტური მითითებებით სტიკერები შექმნან.
ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ეს მომხმარებლებს თვითგამოხატვის უსაზღვრო შესაძლებლობას მოგვცემს, მათ შორის კულტურულ ასპექტშიც.
"რა თქმა უნდა, სტიკერები მხოლოდ აისბერგის წვერია", — ამბობს ალ-დაჰლე.
მანამ, სანამ ახალი ფუნქცია ფართო საზოგადოებისათვის გახდება ხელმისაწვდომი, მას ჯერ Meta-ს თანამშრომლები გამოცდიან.
საგულისხმოა, რომ კომპანია AI მოდელებზეც მუშაობს, რომლებიც ნებისმიერ სურათს ჩვენი სურვილისამებრ გარდაქმნის. მაგალითად, შეცვლის გამოსახულების ფორმატს, ცუგას ფოტოს ნახატად აქცევს და ა.შ.
პროდუქტებში გენერაციული AI-ს გამოყენების შესახებ პირველად მაშინ შევიტყვეთ, როდესაც ცუკერბერგმა კომპანიაში სპეციალური გუნდის შექმნა გვაცნობა, რომელიც AI-ზე დაფუძნებული ხელსაწყოების შექმნაზე იმუშავებს.
აპრილში ცუკერბერგმა ინვესტორებს აცნობა, რომ Meta-ს სურს, "AI აგენტები მილიარდობით ადამიანამდე მიიტანოს". გაიმეორა ისიც, რომ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციებს WhatsApp-ში, Messenger-ში, Facebook-სა და Instagram-შიც გეგმავდა.
კომპანია თავის AI შესაძლებლობებს LLaMA ენის მოდელის კუთხითაც აღრმავებს და ახლახან ახალი open-source AI მოდელიც დააანონსა, რომელიც ტექსტურ, აუდიო-, ვიზუალურ, მოძრაობის, თერმულ და სიღრმის მონაცემებს აერთიანებს.
კომენტარები