წამლის მიღების ახალი გზა? — მეცნიერებმა რობოტები შექმნეს, რომლებსაც სხეულში გადაადგილება შეუძლია
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ გამოგონების მეშვეობით სამომავლოდ ადამიანის ორგანიზმში წამლების ეფექტიან შეყვანას შევძლებთ.
CU Boulder-ის მკვლევრებმა მიკრორობოტები შექმნეს, რომლებიც სითხეში გასაოცარი სისწრაფით გადაადგილდება. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ გამოგონების მეშვეობით სამომავლოდ ადამიანის ორგანიზმში წამლების ეფექტიან შეყვანას შევძლებთ. ინფორმაციას თავად დაწესებულება ავრცელებს.
"წარმოიდგინეთ, მიკრორობოტებს სხეულში სხვადასხვა დავალებების შესრულება რომ შესძლებოდათ, მაგალითად არაინვაზიური ოპერაციების ჩატარება", — აცხადებს ძინ ლი, კვლევის მთავარი ავტორი — "პაციენტის გაჭრის ნაცვლად შევძლებდით, აბის ან ინიექციის სახით სხეულში რობოტები შეგვეყვანა და ისინი პროცედურას თავადვე ჩაატარებდნენ".
გუნდის მიერ შექმნილი მიკრორობოტები 20 მიკრომეტრი სიგანისაა — ადამიანის თმაზე რამდენჯერმე ვიწრო — და წამში 3 მილიმეტრის გავლა შეუძლია. ისინი ბიოთავსებადი პოლიმერებისგან დაამზადეს 3D ბეჭდვის მაგვარი ტექნოლოგიით.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ათასობით მიკრობოტი შეიყვანეს თაგვებში, რომელთაც შარდის ბუშტის დაავადება ჰქონდათ. მათი მიზანი ამ ორგანოსთვის დექსამეტაზონის მიწოდება იყო.
მიკრობოტები ჯერ ორგანოებში მიმოიფანტა, მერე კი შარდის ბუშტის კედლებზე მიეკრა (ეს მოშარდვისას მათ გამოდევნას გაართულებდა). დაახლოებით ორი დღის განმავლობაში ისინი დექსამეტაზონს ნელ-ნელა გამოყოფდა. შედეგად თაგვები მეტ წამალს იღებდნენ მეტი დროის განმავლობაში.
ცდა წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა დამატებითი კვლევებია საჭირო, სანამ მიკრორობოტებს ადამიანების სხეულში შევიყვანთ. მაგალითისთვის, ისინი ჯერ სრულად ბიოდეგრადირებადი უნდა გახადონ, რათა თანდათანობით სხეულშივე დაიშალოს.
ნაშრომს ჟურნალ Small-ში გაეცნობით.
კომენტარები