რელიგიური გამოცდილებები ტვინში იმავე სისტემას ააქტიურებს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალებები — კვლევა
ტვინის სკანირებებმა აჩვენა, რომ რელიგიური გამოცდილებები იგივე ნეირონულ სისტემას ააქტიურებს, რასაც ნარკოტიკული საშუალებები.
რელიგიური და სპირიტუალური გამოცდილებები ნეირობიოლოგიური თვალსაზრისით, ნარკოტიკთა მიღების იდენტურია. ამას იუტას უნივერსიტეტის ნეირობიოლოგთა გუნდი ასკვნის. გუნდის ლიდერმა — ჯეფრი ანდერსონმა, 19 ახალგაზრდა მორმონში ტვინის აქტივობა გაზომა და აღმოაჩინა, რომ ტვინის ჯილდოს სისტემა აქტიურდება ორივე შემთხვევაში — რელიგიური შეგრძნებებისა და ნარკოტიკების მიღებისას.
უფრო კონკრეტულად, კვლევის მიმდინარეობისას, არაერთხელ გააქტიურდა ჰიპოთალამუსის ნაწილი აკუმბენსის ბირთვი, რომელიც ჯილდოსთან და განმტიცებასთანაა დაკავშირებული. ასევე ფრონტალური ნაწილი, რომელიც ყურადღებაზეა პასუხისმგებელი და ვენტრომედიალური პრეფრონტალური კორტიკალური ლოკუსები, რომლებიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დაზიანებული აქვთ ვენტრომედიალური პრეფრონტალური კორტიკალური ლოკუსები, ავლენენ ანტისოციალურ ქცევას და დაქვეითებული აქვთ მორალური განსჯის უნარი.
გუნდი ეჭვობდა, რომ რელიგიური გამოცდილებები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტვინის ჯილდოს მექანიზმებთან. მათ სურდათ ამ მექანიზმისა და კავშირის გაზომვა შეძლებოდათ, იმისათვის, რომ განესაზღვრათ რელიგიურობის მოტივაცია და მის მიღმა არსებული უამრავი ქცევა — ალტრუიზმიდან ძალადობამდე. აღსანიშნავია, რომ ორივე ქცევა ინდივიდებში ხშირად რელიგიის სახელით ვლინდება.
როგორც ჟურნალ Social Neuroscience-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში ავტორები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური გამოცდილებების ზეგავლენას დედამიწაზე მყოფი 5.8 მილიარდ ადამიანი განიცდის, რელიგიურ გამოცდილებებთან დაკავშირებული ნერვული მექანიზმებზე ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით.
კვლევის მიმდინარეობა
კვლევისათვის მორმონები შეარჩიეს მათ რელიგიაში ე.წ. "ქარიზმატული რელიგიური სიხარულის ცენტრალიზების" ნიშნით. კვლევაში 7 ქალი და 12 კაცი მონაწილეობდა, რომელთაგანაც თითოეულმა ერთი ან ორი წელი მაინც გაატარა მისიონერულ საქმიანობაში.
კვლევის მიმდინარეობისას ცდისპირების ტვინს ასკანერებდნენ. მათ ფუნქციური MRI აპარატებით აკვირდებოდნენ, სანამ ისინი კონკრეტულ ამოცანებს ასრულებდნენ. მაგალითად: ისვენებდნენ, უყურებდნენ საეკლესიო ვიდეოს, კითხულობდნენ ნაწყვეტებს ბიბლიიდან, კითხულობდნენ საეკლესიო ლიდერების ციტატებს, ლოცულობდნენ და ა.შ. ამ პროცესში მონაწილეებს ევალებოდათ სპეციალურ ღილაკზე დაჭერა, იმ შემთხვევაში, თუ გაძლიერებულ სპირიტუალურ შეგრძნებებს განიცდიდნენ.
ექსპერიმენტისას, დროდადრო, ტვინის ჯილდოს უბანი აქტიურდებოდა ზუსტად იმ დროს, როდესაც მონაწილეები ყველაზე ხშირად აჭერდნენ ღილაკს. ეს არის ტვინის იგივე ნაწილი, რომელიც ხელს უწყობეს დოფამინის გამოყოფას ნარკოტიკების მიღების დროს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს დამოკიდებულების, ადიქციის ჩამოყალიბებას.
CNN-თან ინტერვიუში ანდერსონმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი კვლევა, რომელმაც აჩვენა კავშირი რელიგიურობასა და ტვინის დაჯილდოების სისტემას შორის. ეს კი საფუძველს უდებს რელიგიურად მოტივირებული ქცევების უკეთ შესწავლას.
"მილიარდობით ადამიანი იღებს ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებას სპირიტუალურ და რელიგიურ შეგრძნებებსა და გამოცდილებებზე დაყრდნობით. ეს ერთ-ერთი ძალიან ძლიერი გავლენაა ჩვენს სოციალურ ქცევაზე. ჯერჯერობით, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ რა ხდება ტვინში ამ გამოცდილებების მიღების მომენტში. ეს მხოლოდ კრიტიკული საკითხია, რომელსაც მეტი შესწავლა სჭირდება", — ამბობს ჯეფრი ანდერსონი.
კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა ამოქმედდება თუ არა ტვინის იგივე მექანიზმები, როდესაც ინდივიდს აიძულებენ რელიგიის სახელით კეთილი ან ძალადობის შემცველი ქცევა გამოავლინოს.
კვლევის ავტორები, ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით, გვთავაზობენ გაგებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სპირიტუალურ განცდებზე ტვინის პასუხმა უბრალოდ გააძლიეროს კონკრეტული რწმენის ერთგულება. შეგრძნებები, რომლებსაც ადამიანები განიცდიან კონკრეტულ მომენტებში და ტვინის ის პასუხი, რომელსაც ისინი იღებენ, ადასტურებს აზრს, რომ მათ აირჩიეს სწორი მორალური გზა.
უნდა აღინიშნოს, რომ აკუმბენსის ბირთვისა და ტვინის ჯილდოს სისტემა, ზოგადად, ასოცირებულია ადიქციის ტრიგერებთან, რომელიც ეუბნება ტვინს, რომ ნარკოტიკების მიღება სიამოვნების წყაროა და უნდა გამეორდეს.
ანდერსონი ამბობს, რომ ეს კვლევა პირველია, რომელმაც სპირიტუალური გამოცდილებები ტვინის ჯილდოს სისტემასთან დააკავშირა, თუმცა უამრავი კვლევა ცდილობს რელიგიის მიღმა ნეირომეცნიერების მექანიზმების დანახვას. ასევე, აღსანიშნავია ამერიკელი მოლეკულური გენეტიკოსის მტკიცება იმის შესახებ, რომ იპოვა გენი (VMAT2), რომელიც ადამიანებში სპირიტუალური გამოცდილებებისკენ მიდრეკილებას მოასწავებს. აღსანიშნავია, რომ იგივე გენი თამაშობს როლს ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაშიც.
კომენტარები