თეთრი პურის ხშირი მიღება ტვინის შემეცნებით ფუნქციებს აფერხებს — ახალი კვლევა
ახალი კვლევამ, რომელიც ჟურნალ Personality and Individual Differences-ში გამოქვეყნდა აჩვენა, რომ რაფინირებული ნახშირწყლების მიღება კოგნიტური ფუნქციების გაუარესებასთანაა დაკავშირებული. რაფინირებული ნახშირწყლების რიცხვში შედის თეთრი პური, რომელსაც ასე ჭარბად მოვიხმართ საქართველოში. კვლევის თანახმად, ეს ნეგატიური გავლენა აქტუალურია მაშინაც კი, როცა მსგავს საკვებს ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები იღებენ.
აღსანიშნავია, რომ ნახშირწყლების მიღებისგან თავის შეკავება, რომელიმე დიეტისა თუ ჯანსაღი კვების სტრატეგიის ფარგლებში, სწორი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. ნახშირწყლები ძალიან სჭირდება ჩვენს სხეულებს, ისევე როგორც — ტვინებს. ნახშირწყლები მაკრო ნუტრიენტია და ის ცილასთან და ცხიმებთან ერთად ორგანიზმისთვის ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. თუმცა, უნდა ვიცოდეთ ნახშირწყლებს შორის განსხვავებები.
ნახშირწყლების შემცველი საკვების ორ ძირითად ჯგუფს გამოყოფენ — რაფინირებული (მარტივი ნახშირწყლების შემცველი საკვები) და მთლიანი (რთული ნახშირწყლების შემცველი საკვები). მთლიანი, ანუ რთული ნახშირწყლები (მაგალითად, მარცვლეული), ჯანსაღი დიეტის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც ვერ ვიტყვით მარტივ, რაფინირებულ ნახშირწყლებზე (პური, ორცხობილები).
როგორც მეცნიერები ახალ კვლევაში აღნიშნავენ, რაფინირებული ნახშირწყლების ამ რაოდენობით შესვლა ადამიანის რაციონში საკმაოდ ახალი მოვლენაა, ყოველ შემთხვევაში კაცობრიობის სრულ ისტორიას თუ გადავხედავთ. ისინი ფართოდ ხელმისაწვდომი არ იყო მეოცე საუკუნემდე, ისევე, როგორც მასობრივი წარმოების სხვა პროდუქტები.
"მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დასავლურ სამყაროში ადამიანთა დიეტა მასობრივად შეიცვალა. რაფინირებული ნახშირწყლების მოხმარების მკვეთრმა მატებამ უამრავი მავნე გავლენა იქონია ადამიანის ჯანმრთელობაზე. ფიზიოლოგიურმა მექანიზმებმა, რომელიც დაკავშირებულია რაფინირებული ნახშირწყლების მოხმარებასთან, როგორიცაა ჰიპერინსულინემია და ინსულინის რეზისტენტობა, შეიძლება გავლენა იქონიოს ჯანმრთელი ადამიანების კოგნიტურ უნარებზე, რომ არაფერი ვთქვათ აშკარა სიმსუქნეზე, მეტაბოლურ დაავადებებზე ან თუნდაც დემენციაზე", — ნათქვამია კვლევის აბსტრაქტში.
ამ კუთხით აქამდე არსებული კვლევების უმეტესობა ხანშიშესულ ადამიანებს სწავლობდა, რომელთაც ქრონიკული დაავადებები უკვე ჰქონდათ. ამჯერად კი მეცნიერებმა გადაწყვიტეს ახალგაზრდები ეკვლიათ, რომელთაც, შესაძლოა, ნეგატიური კოგნიტური გავლენები ჰქონოდათ რაფინირებული ნახშირწყლების მიღების შედეგად, მანამ სანამ ქრონიკული დაავადებები ჩამოყალიბდებოდა.
"დღემდე კვლევები რაფინირებული ნახშირწყლების ხანგრძლივ მოხმარებასა და შემეცნებას შორის კავშირზე ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებზე ან პათოლოგიურ კონტექსტშია ჩატარებული. თუმცა, ადრეულ ასაკში რაფინირებული ნახშირწყლების ზემოქმედება შეიძლება განსაკუთრებით ტოქსიკური იყოს კოგნიტური ფუნქციონირებისთვის და რაფინირებული ნახშირწყლების მაღალი დიეტით გამოწვეული ნეიროკოგნიტური დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს აშკარა სიმსუქნემდე ან მეტაბოლური დაავადების დაწყებამდე", — აღნიშნავენ მეცნიერები.
კვლევაში 95 ჯანმრთელი, 20-დან 30 წლამდე ადამიანი ჩაერთო, საფრანგეთში, მონტპელიერის უნივერსიტეტიდან. კვლევის მიმდინარეობისას, ყოველდღიურად 3-4 მონაწილეს იწვევდნენ ლაბორატორიაში, სადაც თავდაპირველად ისინი ვექსლერის ციფრული სიმბოლოს შენაცვლების სახელით ცნობილ შემეცნებით ტესტს აკეთებდნენ. მოგვიანებით მათ სისხლში გლუკოზის დონეს ამოწმებდნენ, რის შემდეგაც სპეციალურად შერჩეული საუზმით უმასპინძლდებოდნენ.
ორივე ჯგუფისთვის გამზადებული საუზმე საკვები ღირებულების კუთხით იდენტური იყო (500 კალორია), თუმცა მათ შორის ერთი დიდი განსხვავება იყო — ერთი ჯგუფი მთლიანი ხორბლის პურს, კარაქს, ყველს, უმ ხილს, დამატკბობლის გარეშე სასმელს მიირთმევდა და მასში მხოლოდ არარაფინირებული ნახშირწყლები იყო. მეორე ჯგუფს კი რაფინირებული ნახშირწყლების საუზმე — დამუშავებული ფქვილისგან დამზადებული თეთრი პური (ფრანგული ბაგეტი), ჯემი, ხილის წვენი და დამატკბობლის გარეშე მომზადებული სასმელი ერგო.
საუზმის შემდეგ ნახევარ საათში და ასევე, საათნახევარშიც, მონაწილეთა გლიკემიურ ინდექსებს კვლავ ზომავდნენ. მესამე შემოწმების შემდეგ კი სთხოვდნენ, ვექსლერის კოგნიტური ტესტი ახლიდან გაეკეთებინათ. კვლევის ფარგლებში ცდისპირებმა ასევე შეავსეს კითხვარები, რომელშიც მათი პირადი ცხოვრების, ისტორიისა და დიეტის შესახებ დასმულ კითხვებზე უნდა ეპასუხათ.
კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ რაფინირებული ნახშირწყლების მიმღებმა ცდისპირებში დაინახეს "მნიშვნელოვანი, მყისიერი ეფექტი" გლიკემიაზე (სისხლში გლუკოზის დონე). კითხვარის გამოყენებით ასევე დადგინდა, რომ იმ ცდისპირებს, რომლებიც რაფინირებულ ნახშირწყლებს რეგულარულად მოიხმარდნენ, დაბალი კოგნიტური მაჩვენებლები ჰქონდათ.
"ჩვენი კვლევა ამყარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ყველაზე იმედისმომცემი კვლევები უნდა ფოკუსირდეს ჯანმრთელი ადამიანებისთვის პრევენციის გზების შეთავაზებაზე. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რაფინირებული ნახშირწყლების მიღება ჯანმრთელი ადამიანების კოგნიტურ უნარებზე ახდენს გავლენას. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ტიპის დიეტით გამოწვეული ნეიროკოგნიტური დეფიციტი შეიძლება, დროთა განმავლობაში, აშკარა სიმსუქნეში, მეტაბოლური დაავადების დაწყებასა და დემენციაშიც კი გამოვლინდეს", — ამბობენ ავტორები.
კვლევის შეზღუდვად ის შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მასში მონაწილე ადამიანები განსხვავებულ ჯგუფებს არ წარმოადგენდნენ, ხოლო კვლევის მეთოდი მიზეზ-შედეგობრიობის დადგენის საშუალებას არ გვაძლევს.
თუმცა, ეს კვლევა სასარგებლო შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვფოკუსირდეთ ქრონიკული დაავადებების პრევენციაზე. ჩვენი სხეულისა და ტვინის სიჯანსაღე იმის ცოდნაზეა დამოკიდებული, თუ რას და რატომ ვაწვდით ჩვენს ორგანიზმს, საკვების სახით.
კომენტარები