იუპიტერსა და დედამიწაზე ელვის ფენომენის მსგავსება გამოვლინდა
1979 წელს კოსმოსურმა ზონდმა Voyager 1 იუპიტერთან ჩალისას რადიოსიგნალები დააფიქსირა, რომლებიც ელვის ფენომენთან იყო დაკავშირებული. ამ მონაცემებით დადგინდა, რომ მზის სისტემის აირის გიგანტის ატმოსფეროში მსგავსი რამ მართლაც ხდება, ახლა კი მეცნიერები ამბობენ, რომ ამ პლანეტასა და დედამიწაზე ეს მოვლენა საერთო მექანიზმებს ემორჩილება.
ეს, ერთი მხრივ, გასაკვირია, რადგან აღნიშნული ორი ციური სხეული ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება როგორც სიდიდითა და მასით, ასევე შემადგენლობითა და დინამიკით. შესაბამისად, ამგვარი საერთო პროცესების აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია.
მეცნიერებმა კოსმოსურ ზონდ Juno-ს მიერ 5 წლის განმავლობაში შეგროვებული ინფორმაცია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ იუპიტერზე ელვის წარმოქმნის პროცესი იმავე ხასიათის რიტმს უკავშირდება, როგორსაც დედამიწის ღრუბლებში ვხვდებით. კერძოდ, საუბარია მეხის ჩამოვარდნასთან დაკავშირებულ ე,წ. დაბრუნებად ელვებზე, რომლებსაც გარკვეული მიმდევრობა გააჩნია და, როგორც წესი, ერთმანეთისგან 40 მილიწამის დროითი ინტერვალითაა დაშორებული. იუპიტერზე ეს შუალედი დაახლოებით 1 მილიწამს უდრის.
დედამიწაზე მეხის ელვა მაშინ წარმოიქმნება, როცა ღრუბლის უარყოფითი მუხტი ხმელეთის დადებით მუხტს ეჯახება, რა დროსაც ძლიერი ელექტრული განმუხტვა ხდება. მსგავსი პროცესი ჩვენს პლანეტაზე ყველაზე გავრცელებული ეკვატორის მიმდებარედაა, იუპიტერზე კი ეს ორივე ნახევარსფეროში ხდება, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთში.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები