რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს ტკივილისა და შიშის შეგრძნება არ აქვს — უჩვეულო შემთხვევა
ერთი შეხედვით, ეს ზღაპრულ ცხოვრებას ჰგავს, მაგრამ ჯო კამერონისთვის უმტკივნეულო და შიშის გარეშე ცხოვრება ყოველდღიურობაა.
მეცნიერები ამ უჩვეულო შემთხვევას დიდი ხანია სწავლობენ და ახლა მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზს მიაგნეს. საუბარია "უსარგებლო" გენზე, რომელიც ადამიანში შიშს, შფოთვასა და ტკივილს სრულად აქრობს.
კამერონს, რომელიც შოტლანდიაში ცხოვრობს, ეს სიმპტომები შედარებით გვიან დაუფიქსირეს. აღმოჩნდა, რომ ქალს ცხოვრებაში არასოდეს განუცდია ტკივილი ან თუნდაც სერიოზული შფოთვა, აღარაფერს ვამბობთ შიშზე.
როგორღაც ისე მოხდა, რომ კამერონმა მსგავსი ჩივილებით ექიმს პირველად 65 წლის ასაკში მიმართა. შედეგად ექიმებმა აღმოაჩინეს სახსრების მძიმე დეგენერაცია, რასაც პაციენტისთვის საშინელი ტკივილი უნდა მიეყენებინა.
კამერონმა განაცხადა, რომ საერთოდ ვერ გრძნობდა ტკივილს. ერთი წლის შემდეგ, მას ჩაუტარდა სერიოზული ოპერაცია ხელზე, რომელსაც თან ახლავს მნიშვნელოვანი პოსტოპერაციული ტკივილები. კამერონმა კვლავ განაცხადა, რომ ვერ გრძნობდა ტკივილს ხელში. მეტიც, მას ცხოვრებაში ტკივილგამაყუჩებლების მიღება არ დასჭირვებია.
2019 წელს მკვლევრებმა გამოავლინეს გენი, FAAH-OUT, რომელიც, დაკავშირებულია ამ უჩვეულო მდგომარეობასთან. ჟურნალ Brain-ში ახლად გამოქვეყნებული კვლევა დეტალურად აღწერს კამერონის ტკივილის უგრძნობლობის მოლეკულურ მექანიზმს. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევრების აზრით, FAAH-OUT-ისა და FAAH-ის გენების მუტაციები პასუხისმგებელნი არიან კამერონის ტკივილის მგრძნობელობის გამომუშავებაზე, ხოლო FAAH-OUT გენი, როგორც ჩანს, ამცირებს FAAH გენის გამოხატვას.
"კვლევამ გამოავლინა მოლეკულები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჭრილობის შეხორცებასა და შესაბამის პროცედურებზე. საბოლოოდ, ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს FAAH-OUT მუტაცია. ეს აღმოჩენები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მედიცინაზე. ზუსტად იმის გაგებით, თუ რა ხდება მოლეკულურ დონეზე, ჩვენ შეგვეძლება ტკივილის გაკონტროლება", — ამბობენ მკვლევრები.
ყველაზე გასაოცარი რამ FAAH-OUT-სა და FAAH-ის შესახებ არის ის, რომ ისინი გვხვდება ადამიანის დნმ-ის 98%-ში, რომელიც არ არის კოდირებადი. მათ ხშირად უწოდებენ "უსარგებლო" დნმ-ს. რატომ? დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ეს გენები "არაფერს აკეთებენ". როგორც კამერონის შემთხვევა ცხადყოფს, ეს ბევრად უფრო საინტერესო სფეროა, ვიდრე უბრალოდ არასაჭირო გენები.
კომენტარები