შესაძლოა, შიმშილის შეგრძნება დაბერებას ანელებდეს — კვლევა
უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ საკვების რაოდენობის შეზღუდვას არაერთ სახეობაში შეუძლია, ჯანსაღ დაბერებას შეუწყოს ხელი, მათ შორის ადამიანებშიც. მიჩიგანის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, ამ პროცესის შესანელებლად შეიძლება თავად შიმშილის შეგრძნებაც კი საკმარისი აღმოჩნდეს. ნაშრომი გამოცემა Science-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, ახანგრძლივებს თუ არა სიცოცხლეს ტვინში მიმდინარე ის ცვლილებები, რომლებიც საკვების მოძიების სურვილს გვიჩენს. ბუზებში შიმშილის გრძნობა რამდენიმე სხვადასხვა მეთოდით აღძრეს.
ერთი მიდგომის ფარგლებში მათ სატესტო ხემსში BCAA-ების დონეები შეცვალეს და ბუზებს საშუალება მისცეს, საფუვრიანი ან შაქრიანი საკვები თავისუფლად ეჭამათ. შედეგად ბუზები, რომლებმაც ცოტა BCAA-ის მქონე ხემსი მიირთვეს, საფუარს უფრო ეტანებოდნენ, ვიდრე შაქარს. ამრიგად, მათი შიმშილი საჭიროებამ განაპირობა.
საგულისხმოა, რომ ეს ქცევა კალორიების რაოდენობაზე არ ყოფილა დამოკიდებული — ამ ბუზებმა, რეალურად, უფრო მეტი საკვები და კალორია მიიღეს. მათ იმაზე დიდხანს იცოცხლეს, ვიდრე იმ ბუზებმა, რომელთა საკვებშიც დიდი რაოდენობის BCAA-ები იყო.
მეორე მიდგომის ფარგლებში მკვლევრებმა ბუზების ნაწილში შიმშილთან დაკავშირებული ნეირონები გაააქტიურეს. შედეგად ამ მწერებმა იმაზე ორჯერ მეტი საკვები მიიღეს, ვიდრე დანარჩენებმა. მათ სხვებზე გაცილებით დიდხანსაც იცოცხლეს.
შესაბამისად, მეცნიერებმა ბუზებში ერთგვარი გაუმაძღრობა კალორიების შეზღუდვის გარეშე გამოიწვიეს, ამით კი მწერებს სიცოცხლე გაუხანგრძლივეს.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მათი მიგნებების ადამიანებზე განზოგადება კარგი იდეა არ არის, თუმცა მაინც ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი მექანიზმები სხვა სახეობებშიც მსგავსი იქნება. სამომავლოდ მკვლევრები გეგმავენ გაარკვიონ, თუ როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს სიამოვნებისთვის ჭამის სურვილი (ეს ბუზებშიც არსებობს და ადამიანებშიც) სიცოცხლის ხანგრძლივობას.
კომენტარები