არა, პენტაგონთან აფეთქება არ მომხდარა — ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათია
ვინც ხელოვნური ინტელექტის საზიანო მხარეზე ხშირად ამახვილებს ყურადღებას, კარგად იცის ის გავლენა, რისი მოხდენაც AI-ის საზოგადოებაზე შეუძლია. ეს ეხება დეზინფორმაციას, საჯაროდ ხელმისაწვდომი AI ინსტრუმენტების ეპოქაში. პენტაგონის მახლობლად მომხდარი "აფეთქების ამსახველი ფოტოც" ამ სერიიდანაა.
ინტერნეტში ჯერ კიდევ აქტიურად ვრცელდება ფოტო, რომელიც პენტაგონის მახლობლად "აფეთქებას ასახავს". გამოსახულებამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მეტიც, ამ ყალბი ფოტოს გავლენით ადამიანთა მოტყუების გარდა სხვა ეფექტიც გამოჩნდა — მართალია მცირე ხნით, თუმცა საფონდო ბირჟაზე ფასები დაეცა.
ამ ამბის საინტერესო ასპექტია ისიც, რომ გამოსახულება ტვიტერზე, ვერიფიცირებულმა ანგარიშმა, სახელად Bloomberg Feed გაავრცელა. დღეისათვის, ტვიტერზე ნებისმიერს შეუძლია ვერიფიკაციის ნიშნის ყიდვა, რეალური ვერიფიკაციის პროცესის გავლის გარეშე, რაც ცალკე პრობლემის ნიშანია.
არარეალური, თუმცა ვერიფიცირებული ანგარიშით გავრცელებულმა ყალბმა სურათმა რეალური გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტვიტერის მომხმარებელმა DeItaone-მა, 650 000 გამომწერით, აღნიშნული პოსტი გააზიარა. Insider-ის ცნობით, ამ გაზიარებიდან 4 წუთში საფონდო ბირჟაზე ფასები 0.26%-ით შემცირდა.
მართალია, ყველაფერი სწრაფადვე დარეგულირდა, თუმცა ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია AI-ის მიერ გენერირებულ დეზინფორმაციას, განსაკუთრებით კი ილონ მასკის მფლობელობაში არსებულ ტვიტერზე (სადაც ბოლო დროს ყველაფერი ერთმანეთში ირევა).
საიდან ვიცით, რომ ფოტო ყალბია
პირველ რიგში, ვიცით, რომ აფეთქების შესახებ ინფორმაცია ყალბია. ამაზე The Pentagon Force Protection Agency-სა და Arlington County Fire Department-ის ოფიციალური განცხადება მეტყველებს:
"პენტაგონის ახლოს აფეთქება ან რამე სახის ინციდენტი არ ფიქსირდება და არ არსებობს არანაირი საფრთხე საზოგადოებისთვის".
ტვიტერმა პოსტს, საიდანაც ფოტო გავრცელდა ახსნაც დაამატა და აღნიშნა, რომ ეს AI-ის მიერ გენერირებული გამოსახულება იყო. პოსტი ამ მომენტისთვის წაშლილია.
თვითონ გამოსახულებაზე კი რამდენიმე ნიშანია, რომელიც ფოტოს სიყალბეზე მიანიშნებს. მაგალითად, თუ დააკვირდებით შეამჩნევთ, რომ შენობის ღობე ტროტუარზეა მიმდნარი, ხოლო შენობის ფანჯრები არასიმეტრიულია.
AI-ის მიერ გენერირებული გამოსახულებების ამოცნობა ადრეც გასწავლეთ. წაიკითხეთ ასევე:
- როგორ მივხვდეთ, რომ ფოტო ხელოვნურმა ინტელექტმა დააგენერირა — 5 ნიშანი
- ტესტი: გამოიცანი, ნამდვილი ცხოველია თუ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული
გარდა იმისა, თუ რა მეტყველებს ფოტოს სიყალბეზე, მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვებაც, თუ ვინ ავრცელებს ინფორმაციას. ამ შემთხვევაში ტვიტი კონსპირაციებთან დაკავშირებულმა უამრავმა ანგარიშმა გადააზიარა ისევე, როგორც რუსული სახელმწიფო მედიის ანგარიშმა RT, რომელსაც ტვიტერზე 3 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ინციდენტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ფართოდ ხელმისაწვდომი გენერაციული AI ინსტრუმენტების გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ეს შეიძლება იყოს ხელსაყრელი ხელსაწყო დეზინფორმაციის გამავრცელებელთათვის და იმის მიუხედავად, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ყალბ ამბებზე რეაგირება, მაინც მოახდენს გარკვეულ გავლენას საზოგადოებაზე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ვფლობდეთ ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობების შესახებ, იმისათვის, რომ ყალბი ინფორმაციით ჩვენი მანიპულირება მარტივი ამოცანა არ იყოს.
კომენტარები