პარტნიორის კონტენტი

რა სიახლეებს გიმზადებთ სულაკაურის გამომცემლობა წიგნის ფესტივალისთვის

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება
სტატიას წარმოგიდგენთ

მოემზადეთ ლიტერატურული დღესასწაულისთვის

და, აი, ეს დროც ისევ დადგა! ალბათ ყველა მკითხველმა იცის, რომ გაზაფხულის ბოლოს დედაქალაქში მასშტაბური ლიტერატურული დღესასწაული იმართება — თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. მკითხველებისთვის, გამომცემლობებისა და წიგნის ყველა სხვა გულშემატკივრისთვის საყვარელი ღონისძიება წელს უკვე 25-ედ იმართება. ტრადიციულად, წიგნის ფესტივალს წელსაც ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცე (წერეთლის 118) უმასპინძლებს 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით.

ფესტივალისთვის საგანგებოდ ემზადება სულაკაურის გამომცემლობა, რომელიც ღონისძიებაზე წელსაც უზარმაზარი სტენდით იქნება წარმოდგენილი. ამ სტენდზე კი ყველა ასაკისა და გემოვნების მკითხველს მისთვის საინტერესო სიახლეები ელოდება. საფესტივალო გეგმები რომ უკეთ დაალაგოთ, წინამდებარე სტატიაში სულაკაურის გამომცემლობის ყველა სიახლეზე ცოტ-ცოტას მოგიყვებით.

წიგნები ყველაზე პატარებისთვის

ყოჩაღი ბაჭია ტიმი

ბაჭია ტიმის თუ თქვენი პატარა უკვე იცნობს, ეს ამბავი ალბათ განსაკუთრებულად გაახარებს. ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი ტიმის ისტორიის მეორე ნაწილია და მასში ოთხი სახალისო ამბავია თავმოყრილი. ყველაფერი ბაჭიას მეგობარი იხვის მონაყოლით იწყება — შორეულ ვრცელ და ძალიან ლურჯ წყალზე. მოგზაურობის დაუძლეველი სურვილით შეპყრობილ ტიმის კი პირველ მისიად მშობლების დათანხმება დაეკისრება.

ჩვენ ორნი

იცით, როგორია კაკაოსავით თბილი, თაფლივით ტკბილი და ცასავით უსაზღვრო მეგობრობა? აი, ამ წიგნში სწორედ ამაზე წაიკითხავთ. მასში შეხვდებით ციცქნა კურდღელს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მზიან მდელოზე ზღარბს შეხვდება. ეგ იყო და ეგ, იმ დღის შემდეგ განუყრელ მეგობრებად იქცნენ. მათი დილაც სულ ერთად იწყებოდა ხოლმე. წიგნში ამ მეგობრობაზე დაწერილ ხუთ ამბავს გაეცნობით.

გარდა წიგნებისა ყოჩაღი ბაჭია ტიმი და ჩვენ ორნი, სულაკაურის გამომცემლობის საბავშვო სერია პატარა ამბები 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ უამრავ წიგნს უყრის თავს.

მონტესორის კურსი

გსმენიათ მონტესორის სწავლების მეთოდზე? ეს მეთოდი, რომელიც წინა საუკუნის დასაწყისში შეიმუშავა პედაგოგმა მარია მონტესორიმ, დავალებების შესრულებაში ბავშვის აქტიურად ჩართვას მოითხოვს. სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა მონტესორის მეთოდის წიგნები 2 წლიდან, 3 წლიდან და 4 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის. მათში წარმოდგენილი ასობით მრავალფეროვანი აქტივობა სკოლამდელი ასაკის პატარებს მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს განუვითარებს, მათ შორის კონცენტრაციას, მეხსიერებას და ლოგიკურ აზროვნებას. ამასთან, თითოეულ რვეულს თან ახლავს ამოსაჭრელი, ჩასაკრავი და დასახატი მასალა.

როგორ დავხატოთ 101

რომელ ბავშვს არ უყვარს ხატვა, ან რომელ მათგანს არ სურს, შემოქმედებითი უნარები გაიუმჯობესოს?! სულაკაურის გამომცემლობის ახალი სერია როგორ დავხატოთ ბავშვებს დეტალური და მარტივი ინსტრუქციებით დაეხმარება, უკეთ ხატვა შეძლონ. ამ დროისთვის სერიის სამი წიგნია გამოცემული, რომელთა საშუალებით პატარები ტრანსპორტის, ადამიანებისა და ცხოველების ხატვას ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლიან. ამასთან, მათი საშუალებით ბავშვებს წარმოსახვა და შემოქმედებითი აზროვნებაც განუვითარდებათ.

ტაფიტი სამოგზაუროდ მიდის

პატარებს წიგნის წლევანდელ ფესტივალზე კიდევ ერთი საინტერესო სიახლე დახვდებათ — სერია ხმამაღლა საკითხავი ამბები. სერიის წიგნები დაყოფილი იქნება მოკლე თავებად, რათა მათი ხმამაღლა წაკითხვისას, თუნდაც ძილის წინ, პატარა დიდად არ გადაიღალოს და ყურადღებაც არ მოადუნოს. სერიის პირველი წიგნი ტაფიტი სამოგზაუროდ მიდის თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარულ სურიკატსა და მის მეგობარ გოჭზე გვიყვება. აფრიკის სავანაში მცხოვრები განუყრელი მეგობრების ხიფათიანი ამბები ნებისმიერი პატარა მკითხველისთვის საინტერესო საკითხავი იქნება.

ახალი თავსატეხები

თავსატეხები ალბათ უკვე ბევრი ბავშვის საყვარელი თავშესაქცევია. თუმცა, გართობასთან ერთად, ეს სავარჯიშოები პატარებს სხარტ და ლოგიკურ აზროვნებას, ვიზუალურ მეხსიერებასა და კიდევ ბევრ საჭირო უნარს უვითარებენ. საფესტივალოდ კიდევ სამი ახალი კრებული გამოვიდა: სახალისო გამოცანები საზრიანი ბავშვებისთვის, თავსატეხები და გამოცანები 6 წლიდან და 7 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის.

წიგნები მოზარდებისთვის

ტუვე იანსონის მუმინები

ვინ არ იცნობს მუმინებს?! ცნობილი ფინელი მწერლის ზღაპრულ სამყაროში უკვე არაერთი თაობის ბავშვებს უმოგზაურიათ. გასაკვირი არც ისაა, რომ მუმინებზე — ამ საყვარელ, ფუმფულა არსებებზე — დაწერილი წიგნები მთელ მსოფლიოში ათობით ენაზეა თარგმნილი და მილიონობით ეგზემპლარადაა გაყიდული. თუმცა, თუკი ეს ჯადოსნური სამყარო ჯერ კიდევ არ აღმოგიჩენიათ, სულაკაურის გამომცემლობა წიგნის ფესტივალზე სერიის პირველი სამი წიგნის განახლებულ გამოცემებს დაგახვედრებთ.

ელენ პიტერსის შველი, სახელად კოპლი

შველი, სახელად კოპლი სერიის ჯეინი და მისი ცხოველები ახალი წიგნია. მასში აღმოაჩენთ, როგორ გადაარჩინა ნადიამ შვლის პატარა ნუკრი და როგორ იტვირთა ამ ლამაზთვალება არსების დედობა ჯეინმა. რა ბედი ეწევა პატარა კოპლს? დარჩება თუ არა მუხის კორომის ფორმაში? — ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხს უკვე წიგნში იპოვით.

ჯანი როდარის ტორტი ზეცაში

სერიაში მოსწავლის ბიბლიოთეკა ბევრი სიახლეა — ქართველი და უცხოელი ავტორების სულ ახალთახალი გამოცემები. ერთ-ერთ მათგანია ცნობილი იტალიელი მწერლის ჯანი როდარის ტორტი ზეცაში. ნაწარმოებში მოქმედება რომის გარეუბანში იწყება, როცა ერთ მშვენიერ დილას ცაზე უცხოპლანეტელების ხომალდი გამოჩნდება. წიგნიდან გაიგებთ, როგორ ამოხსნიან ბავშვები ცაში გამოკიდებული ხომალდის თავსატეხს. ზღაპრულ ნაწარმოებში კი კიდევ უამრავ საკვირველ გმირს შეხვდებით — სასაცილო პოლიციელს, წიკვინა დამლაგებელს, მშიშარა პროფესორსა და ვის აღარ!

მონტეირუ ლობატუს ყვითელი კოდალას ორდენი

ბრაზილიელი ავტორის ეს ცნობილი წიგნი უკვე კლასიკად ქცეული საბავშვო ნაწარმოებია, რომლის პოპულარობა გამოცემიდან ათწლეულების შემდეგაც არ განელებულა. მის მიხედვით დაუდგამთ სპექტაკლები, გადაუღიათ სერიალები და ფილმები. ამ წიგნში დაუჯერებელი ისტორიებია თავმოყრილი — ზღვის ფსკერზე მოგზაურობაზე, ზღაპრული სამყაროს ბინადრებთან შეხვედრასა და მოლაპარაკე თოჯინაზე. აი, ზუსტად ისეთი ამბებია, ზაფხულის არდადეგებზე რომ უნდა მოუყვე თანატოლებს.

ჰალინდა ვდოვიჩენკოს 36 და 6 კატა

რას მოიმოქმედებდით, ერთ მშვენიერ დღეს თქვენს სახლს რომ ოცდათექვსმეტი მოზრდილი და ექვსიც პატარა ფისუნია მოადგეს? აი, ასეთი ამბავი შეემთხვათ ქალბატონ კრეპოვასა და მის ძმისშვილ სტასს. კატების ამ პატივსაცემი საზოგადოებისა და მისი განუმეორებელი წევრების ამბებს თანამედროვე უკრაინელი ავტორის ცნობილ საბავშვო წიგნში წაიკითხავთ.

გია პაპუაშვილის ტოტოშა, გოგონა, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია

ქართველი საბავშვო მწერლის ამ წიგნში პატარა, ანც გოგოს გაიცნობთ, რომელსაც ძალიან არ უნდოდა, საბავშვო ბაღში ევლო. თუმცა, როცა პანდემია დაიწყო, ტოტოშა სულ მთლად უბაღოდ დარჩა — ხან ვისთან და ხან ვისთან. ეს ძალიან სახალისო ამბავია ერთ ჯიუტ, მაგრამ გულკეთილ პატარა გოგოსა და მის დიდ ოჯახზე.

ბრაიან ფეიგანის არქეოლოგია — მოკლე ისტორია

ცნობისმოყვარე მოზარდებისთვის განკუთვნილ სერიას მოკლე ისტორია ამჯერად არქეოლოგიის შესახებ წიგნი შეემატა. ოქროს ნივთებით გარშემორტყმული ფარაონები, გამქრალი ცივილიზაციები, გმირული თავგადასავლები შორეულ მიწებზე — ორმოცი თავისგან შემდგარი ეს წიგნი მარტივი ენით მოგვითხრობს იმაზე, როგორ ვითარდებოდა არქეოლოგია ჩვენამდე და რა მისია აკისრია ამ მეცნიერებას დღეს.

წიგნები უფროსებისთვის

ზაირა არსენიშვილის ქარი, ამწევი ფარდის

ზაირა არსენიშვილი ნამდვილი თანამედროვე კლასიკოსია, რომლის წიგნებმაც მკითხველთა ფართო წრეების სიყვარული უკვე დაიმსახურეს. სულაკაურის გამომცემლობა კი საფესტივალოდ ავტორის მორიგ წიგნს გთავაზობთ — ქარი, ამწევი ფარდის არსენიშვილის მოთხრობების კრებულია. მწერლის ნაწარმოებების უმეტესობას რეალური ამბები უდევს საფუძვლად და გამონაკლისი არც ეს წიგნია; მოთხრობები გასული საუკუნის რთულ და მნიშვნელოვან სოციოპოლიტიკურ მოვლენებს მხატვრულად ეხმაურება.

ლაშა ბუღაძის საქართველოს სახელით

მე-20 საუკუნის ამბებზე მოგვითხრობს ცნობილი თანამედროვე ქართველი მწერლის ახალი რომანიც. ერთგვარ ავტობიოგრაფიულ წიგნში საქართველოს სახელით მოქმედება კომუნისტური ეპოქის მიწურულს იწყება, ნაწარმოების პროტოტიპი კი ერთდროულად ავტორიცაა და იმდროინდელი საქართველოც. თვითმფრინავის გატაცების გახმაურებული ამბავი, 9 აპრილის წინანდელი მოვლენები და ხმათა უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის ბედი — ახლო წარსულის ამ და სხვა საინტერესო თემებზე ბუღაძე ბავშვის მოგონებების პარალელურად მოგვითხრობს.

ზაზა ბურჭულაძის ჩემი სიმღერა

ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი რომ მუსიკასთან ახლო კავშირშია, ამის მიხვედრა მისი სათაურიდანაც შეიძლება. როგორც წიგნის აღწერაში ვკითხულობთ, ის "სავსეა მზითა და მუსიკით, საიდანაც ლურსმნებივით გამოჩრილან ნოტები". თუმცა, ამავე აღწერიდან ვიგებთ, რომ ეს წიგნი მუსიკაზე კი არაა, თავადაა მუსიკა და მისი კითხვაც "მასშტაბური სიმფონიის მოსმენას ჰგავს, ვოკალური პარტიებით".

მარი ბექაურის ორ ზღვას შუა

თანამედროვე ქართველი მწერლისა და სცენარისტის, მარი ბექაურის, მრავალფეროვან შემოქმედებას ბევრი უკვე კარგად იცნობს. ავტორის ამ დროისთვის ბოლო რომანსაც უხილავი თამაში მკითხველის დიდი სიყვარული ხვდა წილად. თუმცა, ორ ზღვას შუა მისგან თემატიკითაც და ფორმითაც სრულიად განსხვავდება. ეს იუმორისტული მოთხრობების კრებულია ერთ ქვეყანაზე, "სადაც დიდსა თუ პატარას ერთმანეთთან კამათს და ლაზღანდარობას არაფერი ერჩივნა". ამ უცნაურ და კომიკურ მოთხრობებში კი სულ თავისუფლად შეიძლება ნაცნობ ამბავსაც გადააწყდეთ.

კარლ სეიგანის მკრთალი ლურჯი წერტილი

გრძელდება სულაკაურის გამომცემლობის შემეცნებითი ლიტერატურის სერია აკადემია. სერიის ახალი წიგნი ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსის, კარლ სეიგანის, ეპოქალური ნაშრომი მკრთალი ლურჯი წერტილია. ის ერთგვარი გაგრძელებაა ასევე პოპულარული წიგნისა კოსმოსი, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ ორიოდე წლის წინ გამოსცა. 1997 წელს გამოქვეყნებულ მკრთალ ლურჯ წერტილში კი, რომელიც კვლავაც სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომია, გრძელდება მსჯელობა იმაზე, სად არის ადამიანის ადგილი ამჟამინდელ და მომავლის სამყაროში.

დავიდ დიოპის სულიერი ძმა

ფრანგი რომანისტის დავიდ დიოპის წიგნი სულიერი ძმა ორ სენეგალელ მეგობარზე მოგვითხრობს, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთის დროშის ქვეშ იბრძვიან. 2018 წელს გამოცემული ეს ნაწარმოები ავტორისთვის მეორე რომანია. დიოპისთვის შთაგონების წყაროდ პირველ მსოფლიო ომში მონაწილე თავისი დიდი პაპის ნამდვილი ამბავი იქცა. აღსანიშნავია, რომ რომანისთვის სულიერი ძმა დავიდ დიოპი პირველი ფრანგი მწერალი გახდა, რომელმაც ბუკერის საერთაშორისო პრემია მიიღო.

ფასდაკლებები, ღონისძიებები და სხვა დანარჩენი

როგორც უკვე გითხარით, სულაკაურის გამომცემლობა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 25 მაისიდან 28 მაისამდე, ექსპო ჯორჯიას მე-11 და მე-6 პავილიონებში გიმასპინძლებთ. სიახლეებთან ერთად, ფესტივალზე განსაკუთრებული ფასდაკლებები და საინტერესო ღონისძიებები დაგხვდებათ. თუმცა, თუკი საგამოფენო სივრცეში ვერ მოხვდებით, გული არ დაიწყვიტოთ — ფასდაკლებები იმოქმედებს გამომცემლობის ვებსაიტზეც.

რაც შეეხება ღონისძიებებს:

  • ლაშა ბუღაძის ახალი წიგნის საქართველოს სახელით წარდგენა — 26 მაისი, 14 საათი
  • ვორქშოპი ბავშვებისთვის "ვითამაშოთ ფერებით" — 27 მაისი, 13 საათი (იხილეთ სარეგისტრაციო ბმული)
  • ლიტერატურული თამაში ბინგო — 28 მაისი, 16:40
  • დისკუსია ზურა ჯიშკარიანის წიგნზე სწრაფი, ღამისიერი — 28 მაისი, 15:30

მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ სულაკაურის გამომცემლობის საფესტივალო კატალოგი და მიადევნეთ თვალი სიახლეებს დაგეგმილ ღონისძიებებსა და სხვა დანარჩენზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. ნინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია

20 დეკემბერს, გერმანიის ქალაქ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.…