NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორია გველის მსგავს რობოტს ცდის, რომელსაც მომავალში სატურნის თანამგზავრ ენცელადზე გაგზავნიან, რათა მისი ყინულოვანი საფარის ნაპრალებში ჩააღწიოს, რომლის ქვემოთაც უზარმაზარი ოკეანეა. ის იქ სიცოცხლის კვალის მოძებნას შეეცდება.

მანამდე სააგენტოს სურს, Exobiology Extant Life Surveyor (EELS)-ის სახელით ცნობილი რობოტი დედამიწისა და მთვარის ძნელად მისადგომ ადგილებში გამოცადოს. მისი უპირატესობა ისაა, რომ სპეციალური დიზაინის წყალობით თითქმის ყველანაირ ზედაპირზე გადაადგილება შეუძლია, რაც ახალ ვიდეოშიცაა წარმოდგენილი.

კადრებში ვხედავთ, როგორ მოძრაობს რობოტი ყინულიან და თოვლიან ზედაპირზე, მარსის სიმულირებულ გრუნტსა და სანაპიროზე, რასაც საკმაოდ კარგად ახერხებს. ეს მისი სეგმენტირებული სხეულის დამსახურებაა, რომლის 10-ვე ნაწილიც ბრუნავს და ერთგვარი ძრავის ფუნქციასაც ასრულებს.

ამ ყველაფრის მეშვეობით EELS-ს ისეთი წყალქვეშა გარემოს გამოკვლევა შეუძლია, როგორიც ენცელადზეა. რობოტი იქ გეიზერებიდან ჩაძვრება, თანაც ამის გაკეთება ავტონომიურად მოუწევს. ეს მეცნიერებისთვის გამოწვევაა, რადგან არ ვიცით, კონკრეტულად როგორია სატურნის თანამგზავრზე არსებული ეს ნაპრალები.

"როდესაც მიდიხარ იქ, სადაც არ იცი, რა დაგხვდება, უნდა გაუშვა მრავალმხრივი, რიკზე გათვლილი რობოტი, რომელიც შემთხვევითობებისთვის მზადაა და გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად შეულია", — აცხადებენ მეცნიერები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.