On.ge-ის გუნდი გირჩევს — 5 მოუბეზრებელი სერიალი ნანუკასგან
სამყაროსგან მოწყვეტისა და რაღაც კონკრეტულზე ყურადღების გადატანის სურვილი ბევრ ჩვენგანს ხშირად უჩნდება, თუნდაც ერთი ჩვეულებრივი და არაფრითგამორჩეული დღის შემდეგ. თუ ახალი ისტორიებისგან და ემოციებისგან თავის დაღლა გეზარება, თან შინაარსზე მნიშვნელოვანი შენთვისაც პროცესია, მაშინ უკვე მრავალჯერ ნანახი სერიალის თავიდან ჩართვა ურიგო გადაწყვეტილება არ არის.
წლების წინ ვინმეს რომ ერჩია, დასრულებული სერიალის თავიდან ნახვა დამეწყო, ამ იდეას სერიოზულად არც მივიღებდი. მაშინ მეგონა, რომ თუ ერთი ისტორია უკვე მოვისმინე, განვიცადე და მის შესახებ შეხედულებაც ჩამოვიყალიბე, ესე იგი ყველაფერი მორჩა. თუმცა ერთ საღამოს, ახალი სერიალის საათიანი ძებნის შემდეგ გავიფიქრე, რომ სამეფო კარის თამაშების ის სერია თავიდან მენახა, რომელსაც თავის დროზე წლები ველოდებოდი და მოლოდინებსაც გადააჭარბა, რაც ცუდი გადაწყვეტილება სულაც არ აღმოჩნდა.
ჩვენ ყოველდღიურად ვიცვლებით, თუმცა პროცესში ამის გააზრება რთულია. ჩვენი ცხოვრებაც და სიტუაციებიც ცვალებადია, ამიტომ თვითდაკვირვებისთვის რამე მუდმივა გვჭირდება და ამის ერთ-ერთი მარტივი გზა ოდესღაც დასრულებული სერიალების თავიდან ნახვაა. ფაქტია, რომ უკვე დასრულებული სცენარი არ შეცვლილა და თუ ერთ სერიალს მაინც თავიდან უყურე, საყვარელი პერსონაჟები აღარ მოგეწონა ან სულ სხვა სიუჟეტური ხაზებით დაინტერესდი, ამის მიზეზი შენშია. ამ სტატიაში კი 5 სერიალს გირჩევ, რომლებსაც შეგიძლია დაუსრულებლად უყურო.
1. სამეფო კარის თამაშები
ჯორჯ მარტინის სამყაროში თუ ფეხი ერთხელ შეაბიჯე, უკან გამოსასვლელი გზა მართლაც ბნელი და საშინელებებით აღსავსეა. თუ საინტერესო ისტორია, ბევრი ემოცია, ცხოვრებისეული სიბრძნე და გაოცების შეგრძნება მოგწონს, სამეფო კარის თამაშებში ამ ყველაფერს პირველივე სერიიდან აღმოაჩენ და მეტიც, ეს ყველაფერი ყოველ მორიგ ნახვაზეც წინ გელოდება.
სამეფო კარის თამაშების თითქმის ყველა მაყურებელს გვყავს ისეთი პერსონაჟები, რომლებიც პირველივე გამოჩენიდან გვაღიზიანებენ და ისეთებიც, რომელთა ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერთ. თუ ეს სერიალი დიდი ხანია აღარ გინახავს, სცადე და ვნახოთ, რამდენად შეგეცვლება დამოკიდებულებები.
2. დაკარგულები
დაკარგულების ყურება ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როცა ჰიუმი, ლოკი, რუსო, ფარადეი და ბევრი სხვა პერსონაჟის გვარი ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა. ეს ის სერიალი არ არის, რომელიც უბრალოდ კუნძულზე დაკარგულ ადამიანებზე გვიყვება. აქ თითოეული პერსონაჟის ინდივიდუალური ისტორია და პერსპექტივაა საინტერესო, რომლებშიც ჩვენს თავებს მუდამ აღმოვაჩენთ.
თუ ჯერ არ გადაგიწყვეტია, რწმენის ადამიანი ხარ თუ ცოდნის, ან ფიქრობ, რომ ეს საკითხი ცხოვრებაში უკვე გავლილი გაქვს, დაკარგულების კიდევ ერთხელ ნახვა ბევრი რამის ახლებურად გააზრებაში დაგეხმარება.
3. დიდი აფეთქების თეორია
თუ სერიოზული თემებისგან ცოტახნით თავის არიდება გინდა, ან ჭამისას საყურებელ სერიალს ეძებ, დიდი აფეთქების თეორიის გადამეორება ზუსტად ამ კატეგორიებში ჯდება. თუ მეცნიერება მაინცდამაინც შენი სფერო არ არის, სერიალის პერსონაჟები მხიარული განწყობის შექმნასთან ერთად, სამყაროს შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტის გაგებაშიც დაგეხმარებიან.
ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ: დიდი აფეთქების თეორიის ძველი სეზონების რომელიმე სერია ჩართე და თუ იგრძნობ, რომ პერსონაჟები ასეთები არ გახსოვს, მაშინ მეორედ ნახვას ხელს არაფერი უშლის. სერიალში პერსონაჟების ხასიათი თანდათანობით იცვლება, რაზე დაკვირვებაც მეცნიერულ ინტერესს ნამდვილად იწვევს.
4. ველური დასავლეთის სამყარო
ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებით შემოიჭრა. თუმცა ფილოსოფიური დებატები იმის შესახებ, ექნებათ თუ არა რობოტებს ცნობიერება, მეც და ბევრს სხვასაც მოსვენებას დიდი ხანია, გვიკარგავს. ველური დასავლეთის სამყარო სწორედ ამ საკითხს ეხება და ასევე, თავისუფალი ნების არსებობის შესახებაც თუ ბევრს ფიქრობ, ამ სერიალში საინტერესო ვარაუდებსაც გადააწყდები.
შეიძლება თვლი, რომ ამ სერიალის ერთხელ ნახვა საკმარისია, თუმცა იმდენი ჩახლართული დეტალია, დამერწმუნე, რომ რაღაც მაინც გამოგრჩებოდა. თუ ერთ საღამოს იგრძნობ, რომ ყურადღება მაქსიმალურად გაქვს მოკრებილი და რაღაცის ჩაღრმავების ხასიათზე ხარ, ველური დასავლეთის სამყარო შეგიძლია ჩართო.
5. დაბოლოს, მიტოვებულები
დანარჩენებისგან განსხვავებით, მიტოვებულები ის სერიალი არაა, რომელსაც ნებისმიერ საღამოს ჩართავ და ტკბილად უყურებ. ამ სერიალის სევდას სათანადო გამგონე სჭირდება, რაც ყოველთვის მარტივი სულაც არ არის. თუ მძიმე განცდებისა და ტკივილის გაზიარების განწყობაზე თავს შენიშნავ, მიტოვებულების ნებისმიერი სერია შეგიძლია ჩართო.
თუ სიუჟეტი ოდნავ მაინც გახსოვს, ამ სერიალის გენიალურობა იმაშია, რომ თითოეული სერია სრული ისტორიაა და ძირითად ამბავს სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაჩვენებს. რას იზამდი, დედამიწის მოსახლეობის 2 პროცენტი რომ გაქრეს? და შენი საყვარელი ადამიანები? შესაძლოა, რეალობაში ამ ფაქტის პირისპირ არასდროს დავდგეთ, თუმცა მიტოვებულების სიუჟეტი აქედან დაწყებულ და კიდევ უფრო ღრმა თემებით დატვირთულ სამყაროში გვითრევს.
კომენტარები