ასტრონომები წარმოუდგენლად კაშკაშა მოვლენას დააკვირდნენ — ვარსკვლავის კატასტროფული აღსასრული
ასტრონომთა გუნდი შორეული ვარსკვლავის კატასტროფულ აღსასრულს დააკვირდა. ის, არც მეტი, არც ნაკლები, ზემასიურმა შავმა ხვრელმა გაანადგურა, შედეგად კი წარმოუდგენლად კაშკაშა, ენერგიული და ხანგრძლივი ე,წ. გარდამავალი ობიექტი მივიღეთ. საინტერესოა, რომ ეს მოვლენა მეცნიერებმა არქივში შენახული მონაცემების ანალიზისას გამოავლინეს.
"ეს აბსურდია. თუკი ტიპურ სუპერნოვას აიღებ და მას ათასზე გაამრავლებ, ასეთი კაშკაშა მაინც არ იქნება. თანაც, მსგავსი სუპერნოვები ყველაზე ნათელ ობიექტებს შორისაა. ესა ყველაზე ენერგიული ფენომენი, რომელსაც ოდესმე გადავწყდომივარ", — ამბობს პერდუს უნივერსიტეტში მომუშავე დენი მილისავლევიჩი.
მისი თქმით, ძალიან უჩვეულოა, რომ მომაკვდავმა ვარსკვლავმა ამ ოდენობის სინათლე გამოათავისუფლოს. ის ZTF20abrbeie-ის სახელითაა ცნობილი, თუმცა "საშიშ ბარბისაც" უწოდებენ. ნაწილობრივ ეს სახელში სიტყვის მიმსგავსების გამოა, მეორე მხრივ კი მოვლენის ანომალიურობიდან და შემაძრწუნებელი მახასიათებლებიდან გამომდინარე.
სპეციალისტები ძველი მონაცემების შესწავლისას მიხვდნენ, რომ კაშკაშა მოვლენა შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმა იყო. მათ ხელოვნური ინტელექტიც გამოიყენეს, რათა გამოევლინათ ეს ფენომენი, რომელიც პირველად 2020 წელს დაფიქსირდა. ის აქამდე შეუმჩნეველი იმიტომ დარჩა, რომ ჩვენგან ძალიან შორს მოხდა.
ავტორები ამბობენ, რომ "საშიში ბარბი" მსგავს ობიექტებს შორის ყველაზე ნათელი და ენერგიულია. ამავე დროს, მისი სიკაშკაშეც გამორჩეულად დიდხანს, 2 წელი გაგრძელდა, თავად პროცესი კი უფრო ხანმოკლე იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ კოსმოსში სინათლის გადაადგილებისას ის ნელდება და გვეჩვენება, რომ ხანგრძლივად არსებობს.
ის, რაც ვარსკვლავს დაემართა, სპაგეტიფიკაციაა, როცა შავი ხვრელი მნათობს იზიდავს, წვრილ ნაკადებად შლის და ისე შთანთქავს. ამ შემთხვევაში მსხვერპლიცა და "მტაცებელიც" უზარმაზარი იყო, ამიტომ ამ პროცესში უმძლავრესი ენერგია გამოიყო.
ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები