"მე რობოტი არ ვარ" — როგორ მუშაობს ყველასთვის კარგად ცნობილი ტესტი
ვინც ინტერნეტით სარგებლობს, ერთხელ მაინც აუცილებლად გადააწყდებოდა ე.წ. CAPTCHA-ს ტიპის ტესტს, რომლის მიზანიც იმაში დარწმუნებაა, რომ ვებგვერდზე შესვლას ნამდვილად ადამიანი ცდილობს და არა რაიმე პროგრამა.
ამისთვის სისტემა გთხოვთ დაადასტუროთ, რომ ადამიანი ხართ, რაც, მაგალითად, ერთნაირი ობიექტების შემცველი სურათების არჩევით, სიტყვის ამოცნობითა და "მე რობოტი არ ვარ-ის" მონიშვნით შეგიძლიათ. ალბათ, დაფიქრებულხართ, როგორ მუშაობს ეს მეთოდი და რატომაა ასეთი ძნელი ბოტებისთვის მცირე ზომის კვადრატზე დაჭერა.
საინტერესოა, რას ექცევა ყურადღება ამ ტესტში და რა მიიჩნევა "ადამიანურ" ქცევად. კიბერუსაფრთხოების სერვისის მომწოდებელი კომპანია Cloudflare განმარტავს, რომ ტესტი მომხმარებლის კურსორის მოძრაობას აკვირდება. ეს იმიტომ, რომ ადამიანის მიერ ამ პატარა ისრის გადაადგილებისას მიკროსკოპულ დონეზეც კი გარკვეული მახასიათებლები იჩენს თავს, რომელთა გამეორებაც ბოტებისთვის ძალიან ძნელია. საუბარია არაპროგნოზულობასა და შემთხვევითობაზე, რომელთა დაფიქსირებისასაც ტესტი წყვეტს, რობოტი ხართ თუ არა.
ასევე, CAPTCHA-მ შესაძლოა მოწყობილობის ბრაუზერში შენახული ისტორიის მონაცემები გააანალიზოს. თუ, მაგალითად, მანამდე მომხმარებელმა კატების რამდენიმე ვიდეოს უყურა, შემდეგ გრეტა თუნბერგის ტვიტი მოიწონა და მეილი შეამოწმა, ის, დიდი ალბათობით, ადამიანია.
"როდესაც "მე რობოტი არ ვარ-ს" აჭერთ, საიტს ინსტრუქციას აძლევთ, რომ თქვენი მონაცემები შეამოწმოს და გადაწყვეტილება მიიღოს", — ამბობენ ექსპერტები.
ჩვეულებრივ, "მე რობოტი არ ვარ-ის" ტესტით პროგრამა ხვდება, ადამიანთან აქვს საქმე თუ ბოტთან, მაგრამ ზოგჯერ მას დამატებითი, ალტერნატიული ტესტებიც მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში, თქვენს საძიებო სისტემაში ან კურსორის მოძრაობაში, სავარაუდოდ, მან რაღაც საეჭვო შენიშნა.
კომენტარები