ისრაელში დაფუძნებულმა სტარტაპმა, Meat. The End-მა, რომელიც მუშაობს მცენარეული "ხორცპროდუქტების" წარმოებაზე, მსოფლიოში პირველი ტექსტურირებული ბურგერი წარადგინა. კომპანიის მტკიცებით, მისი უახლესი პროდუქტი კლასიკური ბურგერის გემოსა და სუნს ატარებს.

მცენარეული ალტერნატიული ხორცი მნიშვნელოვანი რევოლუციაა კვების მრეწველობაში; მისი წარმოებით კომპანია მიზნად ისახავს, მიაწოდოს მსოფლიო მოსახლეობას ახალი ცილების წყარო, რომელიც ცხოველებს არ ვნებს. ეს ტექნოლოგია ეყრდნობა პროცესს, რომელსაც ეწოდება ექსტრუზია. ექსტრუზია გამოიყენება ისეთი პროდუქტების წარმოებისთვის, როგორებიცაა: მარცვლეული და ფენოვანი სასუსნავები. ექსტრუზიის შედეგად, მცენარეულ ცილებს გადაამუშავებენ და იღებენ ცხოველური წარმოშობის ხორცის მსგავს პროდუქტს.

ფოტო: MTE

ჩვეულებრივ, მცენარეული ხორცის მწარმოებელი კომპანიები თავიანთი პროდუქციის დასამზადებლად სოიასა და ბარდას ცილას ეყრდნობოდნენ. თუმცა, მუხუდო, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული კულტივირებული პარკოსანი მცენარე, რომელიც ცნობილია ცილების მაღალი შემცველობით, ასევე აღმოჩნდა იდეალური ინგრედიენტი ხორცის ტექსტურის იმიტაციისთვის.

ტექსტურირებული "ხორცის" ბურგერი

მცენარეული ხორცისგან დამზადებული საუკეთესო ბურგერის შესაქმნელად გამართული "რბოლა" დაიწყო კომპანია Impossible Foods and Beyond Meat-ით, რომელმაც სცადა, მაქსიმალურად გაემეორებინა ცხოველური ხორცის გემო. თუმცა ისრაელში დაფუძნებულმა Meat, The End (MTE)-მა განსხვავებული მიდგომა შეიმუშავა.

კომპანიას სჯერა, რომ ხორცის ტექსტურა მომხმარებლის დაკმაყოფილების მთავარი გასაღებია, ამიტომ იგი ეძებდა ცილების სხვადასხვა წყაროს სწორედ ცხოველური ხორცის იდენტური ტექსტურის მისაღებად. კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, იშაი მიშორმა, The Times of Israel-ს განუცხადა, რომ კომპანია იყენებს ექსტრუზიის მოწინავე ტექნოლოგიას, რათა მუხუდოს ცილა გადააქციოს ალტერნატიულ ხორცად, რომელსაც, ცხოველური წარმოშობის ხორცის მსგავსად, აქვს სტრუქტურა და წვენი.

ფოტო: MTE

ამ პუნქტამდე მისასვლელად კომპანიამ გამოიყენა ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლების ტექნოლოგია, რათა ჩვეულებრივი ექსტრუზიის პროცესისთვის დაემატებინა გარკვეული ნაბიჯები და ეწარმოებინა ტექსტურირებული ცილის ინგრედიენტები, რომლებსაც შემდგომ ბურგერის დასამზადებლად გამოიყენებდნენ.

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, კომპანია გეგმავს ქვეყანაში თავისი ექსტრუზიის ქარხნის შექმნას, სადაც მას შეეძლება, აწარმოოს ტექსტურირებული პროტეინი ინდუსტრიული მასშტაბით. ექსტრუზია, სხვა მეთოდებთან შედარებით, ეფექტურია და იყენებს ნაკლებ რესურსს წარმოებისთვის. ამ მოწინავე პროცესის მეშვეობით, პროდუქტები, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება ბაზრებზე 2023 წლისთვის.

MTE-ის გარდა, ისრაელის კვების ტექნოლოგიის სხვა სტარტაპებმა ასევე დაიწყო მუხუდოს გამოყენება სხვა ვეგანური პროდუქტების ან უბრალოდ განსხვავებული გამოყენების ცილის კონცენტრატების დასამზადებლად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.