NASA-ს 300-კილოგრამიანი თანამგზავრი დედამიწაზე ხვალ ჩამოვარდება — რა უნდა ვიცოდეთ
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, NASA-ს, თითქმის, 300-კილოგრამიანი თანამგზავრი დედამიწაზე, თბილისის დროით, პარასკევს, დილის 5 საათზე ჩამოვარდება.
ეს თანამგზავრი არის Reuven Ramaty High Energy Solar Spectroscopic Imager (RRHESSI), ასევე ცნობილი როგორც Explorer 81, რომელიც 2002 წელს გაეშვა მზის ამოფრქვევების შესასწავლად. ორბიტაზე ყოფნისას მან შეაგროვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მზის ამოფრქვევებისა და მზიდან კორონალური მასის გამოდევნის შესახებ. თუმცა მისი მუშაობა 2018 წელს შეწყდა კომუნიკაციის სირთულეების გამო და ახლა ეს მასიური თანამგზავრი დედამიწაზე ჩამოვარდება.
ტექნიკურად, შესაძლებელია, რომ ნასას თანამგზავრმა დედამიწაზე ჩამოვარდნისას ვინმეს ზიანი მიაყენოს, თუმცა, კოსმოსური სააგენტოს მიხედვით, ამის შანსები ძალიან მცირეა (1 ყოველი 2 467-დან). როგორც მოსალოდნელია, თანამგზავრის უმეტესი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვება, თუმცა მისი ზოგიერთი ფრაგმენტი გადარჩება.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის დედამიწაზე თანამგზავრის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა. ყველაზე ცნობილი მოვლენა იყო Skylab-ის, აშშ-ის პირველი კოსმოსური სადგურის, ჩამოვარდნა 1979 წელს. ამ დროს მის მიერ ადამიანზე დაჯახების შანსები 152-დან 1-ს წარმოადგენდა. ნამსხვრევების უმეტესობა კი მოხვდა ინდოეთის ოკეანეში ან ავსტრალიაში. ცნობილია, რომ დასავლეთ ავსტრალიის ადგილობრივმა მთავრობამ ნასა 400 დოლარით დააჯარიმა გარემოს დაბინძურების მიზეზით.
2022 წელს ასევე ორი ჩინური რაკეტა შეეჯახა დედამიწას, მაგრამ არავინ დაზარალებულა. მიზეზი, რის გამოც დაზარალების შანსები ძალიან დაბალია, ისაა, რომ დედამიწის უმეტესი ნაწილი წყლითაა დაფარული. თუმცა დედამიწის გარშემო მოძრავი კოსმოსური ნარჩენების საკითხი მეცნიერებისა და პოლიტიკოსებისთვის მაინც ყურადღების ცენტრშია.
კომენტარები