ექსპერიმენტი: ჩინურ სატელიტს 24 საათის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი მართავდა
ჩინეთის სახელმწიფო მედიის, South China Morning Post-ის (SCMP) ცნობით, მკვლევრებმა ხელოვნურ ინტელექტს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის მართვის უფლება მისცეს. მათ აინტერესებდათ, თუ როგორ მოიქცეოდა AI კოსმოსში ობიექტის ექსპლუატაციის დროს.
"საეტაპო ექსპერიმენტის" ანგარიშების მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებდა დედამიწის პატარა სადამკვირვებლო თანამგზავრ Qimingxing 1-ს 24 საათის განმავლობაში და ეს ადამიანის ჩარევის გარეშე.
ექსპერიმენტის შედეგები ვუჰანის უნივერსიტეტის გეომატიკისა და ინფორმაციის მეცნიერების ჟურნალში გამოქვეყნდა.
საინტერესოა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა დედამიწაზე კონკრეტული ლოკაციები აარჩია და თანამგზავრს მათზე დაკვირვება უბრძანა.
ჩვენ არ ვიცით, თუ რატომ აირჩია ეს ლოკაციები ხელოვნურმა ინტელექტმა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამიზნე ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში ძველი ქალაქი იყო, მდინარე განგის მახლობლად — აქ ინდოეთის სამხედრო ბაზაა. 2020 წელს სწორედ ამ ბაზასთან ჩინელ და ინდოელ სამხედროებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.
ხელოვნურმა ინტელექტმა ასევე ოსაკა დააპრიორიტეტა, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი, რომელიც დროდადრო აშშ-ის საზღვაო ძალების გემებს მასპინძლობს.
აქამდე თანამგზავრების უმეტესობა ადამიანების მიერ კონკრეტული დირექტივებისა და ამოცანების მიცემით იმართება. მოულოდნელი მოვლენები, როგორიცაა ომი ან მიწისძვრა, სასწრაფო მოქმედებას მოითხოვოს და ამ შემთხვევაში ადამიანებმა შეიძლება რეაგირება დააგვიანონ.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება კოსმოსურ მისიებში, გამოსახულების ამოცნობასა და შეჯახების თავიდან ასაცილებლად, მას არ ჰქონია თანამგზავრებზე სრული კონტროლი — და ეს, როგორც მკვლევრები ამბობენ, დროსა და რესურსებს გვაკარგვინებს.
SCMP აცხადებს, რომ ჩინეთს 260-ზე მეტი დისტანციური ზონდი აქვს დედამიწის ორბიტაზე და ისინი ხშირად "უსაქმოდ" არიან. ზოგჯერ კი, დაბალი ღირებულების მონაცემებს აგროვებენ. ეს მაშინ, როდესაც მსგავსი ტექნოლოგია დიდხანს ვერ ძლებს და ძალიან ძვირადღირებულია. მკვლევრების აზრით, გადამწყვეტია მათი მაქსიმალურად გამოყენება და ამისთვის ხელოვნური ინტელექტი იდეალურია ვარიანტია.
ექსპერიმენტის ავტორები აცხადებენ, რომ ხელოვნურ ინტელექტზე მინდობილი თანამგზავრი ბევრად უფრო ეფექტიანი იქნება.
თუმცა, ხელოვნური ინტელექტისთვის თანამგზავრების ჩაბარება კომპლექსური საკითხია. AI-ის სჭირდება მრავალი ფაქტორის გათვალისწინება — როგორიცაა რეალურ დროში მონაცემების დამუშავება, ვიზუალური მასალის აღქმა და მისიების დაპრიორიტეტება.
შესაბამისად, ამ ყველაფრის ხელოვნურ ინტელექტზე გადაბარება მარტივი არ უნდა იყოს. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, ამ მხრივ პირველი ექსპერიმენტი უკვე შედგა და როგორც ვხვდებით, მან წარმატებით ჩაიარა. მეორე საკითხია, რა არის და როგორი იქნება ხელოვნური ინტელექტისთვის პრიორიტეტი და ვისზე თუ რაზე დაკვირვებას გადაწყვეტს ის.
კომენტარები