ChatGPT-ს აქციების ფასების პროგნოზირება შეუძლია? — ახალი კვლევა
OpenAI-ის მიერ ChatGPT-ის ჩაშვებიდან მალევე ჩეთბოტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. მისმა სხარტმა პასუხებმა, ესეების, სარეკლამო ტექსტებისა და ნაშრომების წერის უნარებმა ბევრი გააოცა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არ არის.
ფლორიდის უნივერსიტეტის ფინანსების პროფესორის — ალეხანდრო ლოპეზ-ლირას თქმით, ChatGPT-ის მსგავსი დიდი ენობრივი მოდელები შეგვიძლია აქციების ფასების პროგნოზირებისთვის გამოვიყენოთ. CNBC-ს მოხსენების მიხედვით, ტექნოლოგიის მსგავს გამოყენებას, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს.
Goldman Sachs-ის გასული თვის შეფასებაში აღნიშნულია, რომ ფინანსების სფეროში სამუშაო ადგილების, დაახლოებით, 35% უკვე ხელოვნური ინტელექტითაა ჩანაცვლებული.
თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ChatGPT ერთ ღამეში მილიონერად გადაგაქცევთ.
ნაშრომში, რომელსაც კოლეგების შეფასება ჯერ არ გაუვლია, ლოპეზ-ლირა ამტკიცებს, რომ ChatGPT-მ მხოლოდ ფინანსური სათაურების ანალიზის საფუძველზე საკმაოდ ზუსტად შეძლო აქციების ფასების მიმართულების პროგნოზირება.
მაგრამ პროფესორის ექსპერიმენტს უამრავი შეზღუდვა აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ ChatGPT-ს რეალურად არ გაუანალიზებია სამიზნე ფასები და არ შეუსრულებია რაიმე სახის გამოთვლები. უფრო მეტიც, დიდ ენობრივ მოდელებში შეიმჩნევა არითმეტიკის უდიერად შესრულების ტენდენცია.
ამას გარდა, ლოპეზ-ლირას პროგნოზით, თუკი ფინანსურ ინდუსტრიაში ყველა დაიწყებს სათაურების ანალიზს დიდი ენობრივი მოდელების გამოყენებით, მათი უპირატესობა შეიძლება შემცირდეს, პოტენციური მოგება კი — გაქრეს.
როგორც პროფესორმა CNBC-ს განუცხადა, რაც მეტი ადამიანი გამოიყენებს ამ ტიპის ინსტრუმენტებს, ბაზრები მეტად ეფექტური გახდება, ხოლო მოგების პროგნოზირებადობა შემცირდება, საბოლოოდ კი ნულოვან დონეზე დავა.
ასე რომ, ვიდრე ChatGPT-ს ფინანსების მოსაზიდად გამოიყენებდეთ, ორჯერ დაფიქრება გმართებთ.
კომენტარები