ხელოვნურმა ინტელექტმა შავი ხვრელის პირველი ფოტო უფრო მკაფიო გახადა
2019 წელს შავი ხვრელის პირველი ფოტო ვიხილეთ, რაც ასტრონომიაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო. ახლა კი მეცნიერებმა მაშინ აღბეჭდილი ობიექტის, M87*-ის გამოსახულება ხელოვნური ინტელექტის PRIMO გამოყენებით უფრო მკაფიო გახადეს.
გასულ წელს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის, მშვილდოსან A*-ს გამოსახულებაც მოვიპოვეთ, თუმცა ისიც და M87*-იც ფოტოებზე ბუნდოვნად ჩანს. AI-ის დახმარებით, სპეციალისტებმა შეძლეს, რომ უკანასკნელი ობიექტის ბნელი შუა რეგიონი და მის გარშემო არსებული კაშკაშა რგოლი, ანუ შავ ხვრელში ჩამავალი ცხელი მატერიის გამოსხივება უკეთ ეჩვენებინათ. მათ მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემები AI-ის გაუზიარეს და შედეგად ინფორმაციის რეპრეზენტაცია მიიღეს, რომელიც მაქსიმალური გარჩევადობისაა.
"შავი ხვრელების ახლოდან შესწავლა არ შეგვიძლია, ამიტომ ამ სურათის დეტალურობა მსგავსი ობიექტების მახასიათებლების უკეთ გასაგებად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ფოტოზე რგოლის სიგანე დაახლოებით ორჯერ მცირეა, რაც გრავიტაციაზე ჩვენს თეორიულ მოდელებსა და ტესტებს საზღვარს უწესებს", — ამბობენ ავტორები.
აღსანიშნავია, რომ მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის შექმნამდე შავი ხვრელების შესახებ მხოლოდ გარემოზე მათი გრავიტაციული ზემოქმედებით ვიგებდით. ასეთი ობიექტის გადაღება ამბიციური გეგმა იყო, მაგრამ ასტრონომებმა ეს შეძლეს და M87*-ის გარშემო არსებული აკრეციული დისკოს გადაღება შეძლეს. სწორედ იქ მდებარეობს მოვლენათა ჰორიზონტი, ანუ მიჯნა, რომლის მიღმა მოხვედრის შემთხვევაშიც შავი ხვრელიდან თავს სინათლეც ვერ აღწევს.
იმავე მეცნიერებმა ასევე შექმნეს PRIMO-ს მოდელი, რომელიც M87*-ის მონაცემებით "მოამარაგეს". მან მოვლენათა ჰორიზონტის 30 000 სიმულირებული სურათი გააანალიზა, რათა საერთო სტრუქტურები გამოევლინა. ამის შედეგად ხელოვნურმა ინტელექტმა ადრინდელზე ბერად მკაფიო გამოსახულება დააგენერირა, რომელიც თეორიულ მოდელებსა და M87*-ის მახასიათებლებს ემთხვევა.
ავტორთა თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და შესაძლოა, შემდეგი სამიზნე ობიექტი ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელი იყოს. მათი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები