ნახეთ: რუსეთში ვულკანი ამოიფრქვა
11 აპრილს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ამოიფრქვა და მის მიმდებარედ არსებული სოფლები ფერფლითა და მტვრით დაფარა.
ესაა ვულკანი შიველუჩი, რომელიც ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ის დაახლოებით შუაღამეს ამოიფრქვა და ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი წარმოქმნა, რომელიც 108 000 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე გავრცელდა. მომხდარის გამო ამ არეალში საჰაერო მოძრაობისას უსაფრთხოების შესანარჩუნებლად საჭირო გაფრთხილებები გასცეს.
ვულკანიდან ამოფრქვეული მტვრის ფენის სისქემ დასახლებებში 8.5 სანტიმეტრს მიაღწია, როგორი მაჩვენებელიც ბოლო 60 წელიწადში არ დაფიქსირებულა. ის ავტომობილებზე, გზებსა და შენობების სახურავებზე დაგროვდა.
შიველუჩის ამოფრქვევა დედამიწის ორბიტაზე მოძრავმა რამდენიმე ხელოვნურმა თანამგზავრმაც გადაიღო. ზონდებმა შეაგროვა მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც მოვლენის ვიზუალიზაცია გახდა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი აპარატია იაპონური HIMAWARI-9, რომლის კადრებიც 18 კილომეტრ სიმაღლემდე აღწეულ ვულკანურ მატერიას და მის გადაადგილებას გვიჩვენებს.
მეორე ვიდეოში ვულკანიდან ამოფრქვეული გოგირდის დიოქსიდის გავრცელების პროცესს ვხედავთ. ეს აირი ვულკანური აქტიურობისას გამოიყოფა და მაღალი კონცენტრაციით მომწამლავი შეიძლება იყოს, მაგრამ ზემოხსენებულ არეალში ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მოსახლეობის ევაკუაცია არ განხორციელებულა, თუმცა ნახევარკუნძულზე ენერგომომარაგების პრობლემა შეიქმნა და სკოლები დროებით დაიხურა.
ვულკანი შიველუჩი აქტიურობით არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში გამოირჩევა. ის 1999 წლიდან მოყოლებული იფრქვევა, მაგრამ, ჩვეულებრივ, ისე მძლავრად არა, როგორც ამ უკანასკნელი მოვლენისას. უნდა ითქვას, რომ თავად კამჩატკის ნახევარკუნძული გეოთერმულად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია, სადაც 160 ვულკანია განლაგებული.
კომენტარები