პირველი ვარსკვლავები შესაძლოა, მზეზე 10 000-ჯერ მასიური ყოფილიყო
ახალი კვლევის თანახმად, სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე გაჩენილი პირველი ვარსკვლავები შესაძლოა, მზეზე 10 000-ჯერ მასიური ყოფილიყო, ზომით კი დღესდღეობით არსებულ მნათობებზე დაახლოებით 10 000-ჯერ დიდი.
მეცნიერთა გუნდმა თანამედროვე კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენა, რათა სამყაროს ბნელი ეპოქის შესახებ მეტი გაეგო. მათი მოდელის მიხედვით, რთულმა ურთიერთქმედებებმა მასიური ვარსკვლავების ფორმირებას დაუდო საფუძველი. საუბარია პროცესებზე, რომლებიც დღევანდელ კოსმოსში წარმოუდგენელია. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა, წინა კვლევებისგან განსხვავებით, ცივ ფრონტებზე, ანუ დაბალი ტემპერატურის მქონე მატერიის სწრაფად მოძრავ ნაკადებზე გაამახვილეს ყურადღება.
სანამ სამყაროში მნათობები ჩამოყალიბდებოდა, ნეიტრალურმა აირმა გაერთიანება დაიწყო. წყალბადმა და ჰელიუმმა სითბო წარმოქმნა, რამაც ასეთ მასებს ეტაპობრივად სიმკვრივე შემატა. მათი გაცხელების პარალელურად რადიაცია გამოიყო და აირს ფრაგმენტირების საშუალება არ მისცა. ამით უზარმაზარი შეჯგუფებების ფორმირებას შეეწყო ხელი. ასე წარმოიქმნა აკრეციული დისკოები, სამყაროს პირველი პროტოგალაქტიკები. იქ ცივი ფრონტების ჩადინებით გამოწველი რეაქციების შედეგად კი ვარსკვლავები გაჩნდა.
მნათობთა ეს პირველი პოპულაცია ნეიტრალური აირის მასიურ შეჯგუფებებში წარმოიქმნა, რომელმაც მათში ბირთვული სინთეზის წამოწყებასაც შეუწყო ხელი. ისინი ძალიან კაშკაშა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხანმოკლე სიცოცხლე ჰქონოდა. საბოლოოდ მსგავსი ობიექტები აფეთქდებოდა, ანუ ზეახლად აინთებოდა, რაც ფორმირებიდან სულ რაღაც 1 მილიონ წელზე ნაკლებში მოხდებოდა.
ამგვარი აფეთქებების შედეგად კოსმოსში წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტები გაიფანტებოდა და ვარსკვლავთა სხვა პოპულაციების გაჩენას განაპირობებდა, ამავდროულად, მსგავსი ელემენტების გამო ასეთი მასიური ობიექტები ვეღარ ჩამოყალიბდებოდა.
ავტორთა ნაშრომი სამეცნიერო პორტალ arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები