ნახეთ: ავსტრალიის მდინარის ზედაპირზე მილიონობით მკვდარი თევზი ამოტივტივდა
ავსტრალიაში მდებარე ერთ-ერთი ქალაქის მახლობლად არსებული მდინარის ზედაპირის ვრცელი ნაწილი მილიონობით მკვდარმა თევზმა დაფარა, რომლებიც რეგიონში დაფიქსირებული სითბური ტალღის გამო დაიხოცნენ. ამ მოვლენის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ახალი სამხრეთ უელსის შტატის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს ქალაქ მენინდის მიმდებარედ, მდინარე დარლინგში მოხდა, რაც 2018 წლიდან მოყოლებული, მესამე და ყველაზე მძიმე ასეთი შემთხვევაა.
"ეს მართლაც საშინელებაა. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან დახოცილი თევზებია. ამის გააზრება სიურრეალისტურია. გარემოზე მსგავსი გავლენა განუზომელია", — ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც ცნობილია, ბოლოდროინდელი დატბორვების გამო მდინარე დარლინგში სხვადასხვა სახეობის თევზები მომრავლდნენ, როგორიც კობრია. ამის მიუხედავად, იქ ნამატი წყლის უკან დახევის პარალელურად ისინი იხოცებიან.
"ამ თევზების დახოცვა წყალში ჟანგბადის დაბალ დონესა (ჰიპოქსიას) და დატბორვების დროს დაგროვილი ნაკადის უკუსვლას უკავშირდება. ჰიპოქსიას ხელი რეგიონში ამჟამინდელმა ცხელმა ამინდმაც შეუწყო, რადგან თბილი წყალი უფრო ნაკლებ ჟანგბადს შეიცავს, ვიდრე ცივი, თევზებს კი ის სიცხეში მეტად სჭირდებათ", — აცხადებენ ახალი სამხრეთ უელსის მთავრობაში.
წინა ასეთი მოვლენები მდინარეში წყლის ნაკლებობით იყო გამოწვეული, რაც ხანგრძლივმა გვალვებმა განაპირობა. ასევე, ამაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა მომწამლავი წყალმცენარეების 40 კილომეტრ მანძილზე გავრცელებამაც.
2019 წელს ხელისუფლებამ გააკეთა პროგნოზი, რომ ეს, სამწუხაროდ, უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა არ იქნებოდა და, როგორც ვხედავთ, მართალიც აღმოჩნდა.
კომენტარები