NASA საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გასანადგურებლად ახალი ხომალდის შექმნას აპირებს
საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწის ორბიტაზე 2030 წლამდე იფუნქციონირებს. სპეციალისტები ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში მის კონტროლირებად შემოტანას გეგმავენ, რისთვისაც NASA ხომალდს შექმნის.
ეს უკანასკნელი სათანადო მანევრირებით ISS-ის უსაფრთხოდ განადგურებას უზრუნველყოფს, რისთვისაც აშშ-ის მთავრობამ 180 მილიონი დოლარი გამოყო.
"საჭირო იქნება, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური ექსპლუატაციის დასასრულს ორბიტიდან უსაფრთხოდ გამოვიტანოთ, რის პარალელურადაც აშშ დაბალბიუჯეტიანი კომერციული კოსმოსური სადგურებისკენ ინაცვლებს. იმის ნაცვლად, რომ რუსულ სისტემებზე ვიყოთ დამოკიდებულნი, რომლებმაც შესაძლოა, ამ დავალებას თავი ვერ გაართვას, გამოვყოფთ 180 მილიონდოლარიან ბიუჯეტს, რათა ახალი გამწევი ხომალდი შეიქმნას", — ვკითხულობთ აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტში.
NASA-სთვის მომდევნო წლისთვის იმაზე 7 პროცენტით მეტი ბიუჯეტი გამოიყო (27.2 მილიარდი დოლარი), ვიდრე 2023-ში, რაც 1.8 მილიარდდოლარიანი სხვაობის პროპორციულია. ეს სააგენტოს საშუალებას მისცემს, რომ კოსმოსის გამოკვლევა განაგრძოს, ახალი აღმოჩენები გააკეთოს და დედამიწის მიღმა, მათ შორის მთვარეზე, მოგზაურობის მხრივ წინ წავიდეს.
უნდა ითქვას ისიც, რომ მთვარის პროგრამა Artemis-ისთვის 8.1 მილიარდი, მარსის ნიმუშების ჩამოსატანად 949 მილიონი, საავიაციო სექტორში ნახშირორჟანგის ნულოვანი ემისიის მისაღწევად 500 მილიონი, დედამიწის შემსწავლელი პროგრამისთვის 2.5 მილიარდი, NASA-ს STeM მიმართულებისთვის 158 მილიონი, სააგენტოს კოსმოსური ტექნოლოგიების პორტფოლიოსთვის 1.39 მილიარდი, ხოლო ორბიტულ ნარჩენებზე დასაკვირვებლად 30 მილიონი დოლარი გამოიყო.
კომენტარები