მზის მაგვარი ვარსკვლავის მიმდებარედ იუპიტერისა და ნეპტუნის მსგავსი ეგზოპლანეტები აღმოაჩინეს
ასტრონომებმა ჩვენგან 175 სინათლის წლის მოშორებით მდებარე მზის მსგავსი ვარსკვლავის, სახელად HIP 104045, გარშემო 2 უზარმაზარი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. მათგან ერთ-ერთის მასა იუპიტერისას დაახლოებით ნახევარჯერ ჩამოუვარდება და 6.3-წლიანი ორბიტული პერიოდი აქვს, მეორე კი ნეპტუნზე დაახლოებით 2.5-ჯერ მასიურია და მნათობის გარშემო მოძრაობას 316 დღეს ანდომებს.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი მონაცემები შორეული სისტემების შესახებ ჩვენს ცოდნას გააღრმავებს და შესაძლოა, დედამიწისნაირი ციური სხეულების პოვნაშიც დაგვეხმაროს. ეს იმიტომ, რომ სიცოცხლისთვის თავსებადი ობიექტი კოსმოსურ სამეზობლოში კონკრეტული ტიპის პლანეტების არსებობასაც საჭიროებს, როგორც ჩვენ შემთხვევაშია.
მზის სისტემაში 7 სხვა პლანეტა, ჯუჯა პლანეტები, ასტეროიდები და კომეტებია, რომელთაგანაც თითოეულს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ასტეროიდებს დედამიწაზე შესაძლოა, სხვადასხვა აუცილებელი ელემენტი ჩამოეტანა. მეორე მხრივ, იუპიტერი მცირე ზომის ასტრონომიულ სხეულებთან შეჯახებისგან გვიცავს, ადრეულ პერიოდში კი მისი გრავიტაცია მათ ტრაექტორიას უცვლიდა და ჩვენკენ უშვებდა, შედეგად კი აქ მრავალი კომპონენტი მოხვდა, პოტენციურად სიცოცხლის "საშენი მასალაც".
შესაბამისად, იუპიტერის მსგავსი პლანეტები ერთგვარ ინდიკატორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან მათთან ერთად სისტემაში დაბალი მასის მქონე, სიცოცხლესთან თავსებადი ციური სხეულების არსებობა მოსალოდნელია.
2014 წლიდან მოყოლებული, ასტრონომები ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის სპექტროგრაფს HARPS იყენებენ, რათა მზის მაგვარი ვარსკვლავების მიმდებარედ პლანეტები დააფიქსირონ. HIP 104045, მეტალური შემადგენლობის გათვალისწინებით, სწორედ ასეთი მნათობია. ის დაახლოებით 4.5 მილიარდი წლისაა, ასევე, 1.03 მზის მასა და 1.05 მზის რადიუსი აქვს, ხოლო სიკაშკაშით მას 1.11-ჯერ აღემატება.
HIP 104045-ის ირგვლივ მოძრავ ერთ-ერთ პლანეტას 0.498 იუპიტერის მასა აქვს და მის ანალოგად მიიჩნევა, ანუ, დიდი ალბათობით, სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მეორე ობიექტი სუპერ ნეპტუნის ტიპისაა და დედამიწაზე დაახლოებით 43-ჯერ მასიურია, რის გამოც ის მყარი და კლდოვანი, დიდი ალბათობით, ვერ იქნება, არამედ აიროვანი.
ეს უკანასკნელი სასიცოცხლო ზონაშია განლაგებული, ანუ ვარსკვლავის გარშემო რეგიონში, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობა შესაძლებელია. ამის მიუხედავად, მისი ატმოსფეროს გამოკვლევა და იქ ბიოლოგიური კვალის გამოვლენა ამჟამად ჩვენთვის შეუძლებელია. უნდა ითქვას ისიც, რომ მნათობთან ახლოს მისი არსებობა იქ დედამიწის მსგავსი პლანეტის პოვნის შანსს ამცირებს.
ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდება.
კომენტარები