სტარტაპ და სამეწარმეო ეკოსისტემის წევრები საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების, ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომოკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებს მიმართავენ და თხოვენ, არ დაუჭირონ მხარი რუსულ კანონპროექტს, რომელიც ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს. უცვლელად გთავაზობთ სტარტაპერებისა და მეწარმეების მიმართვას:

"ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, მეწარმეები და საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რადგან ის ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს.

დღეს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნებთან და დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რამაც ბევრ მეწარმეს და სტარტაპერს მისცა საშუალება, საკუთარი იდეები უფრო დიდ ბაზარზე გაეტანა, მიეღო ცოდნა, განათლება და საკუთარი წვლილი შეეტანა, როგორც უამრავი ადამიანის დასაქმებაში, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეკოსისტემის განვითარების 80% სწორედ იმ ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ პროექტებზე მოდის, რომელთა გავლენის აგენტებად გამოცხადებასაც გეგმავთ, და ეს კანონი შეეხება არამხოლოდ მათ, არამედ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ შესაძლებლობებით სარგებლობდა.

ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ საზოგადოების სამსახურში ყოფნა. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ და ვიზრუნოთ ქვეყნის წისვლაზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს სწრფვას ევროკავშირისკენ და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ.

ევროპის ერთიანი ბაზარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეებისთვის. ამ ბაზართან წვდომის მხრივ არაერთი დონორული პროექტი ეხმარება მეწარმეებს, იქნება ეს ცოდნის გაზიარება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, სერთიფიცირებისა თუ სტანდარტების დანერგვის მხრივ დახმარება, გამოფენებში მონაწილეობა და სხვა ექსპორტზე ორიენტირებული სერვისებით მეწარმეების მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტი შეაფერხებს ამ პროცესებს და ხელს შეუშლის ქართველ მეწარმეებს შევიდნენ და დაიმკვიდრონ თავი ევროპის და ამერიკის ბაზარზე. და დატოვებს ქართველი მწარმოებლების დიდ ნაწილს დამოკიდებულს ისევ რუსეთის არასტაბილურ, მაღალრისკიან და დაბალშემოსავლიან ბაზარზე.

კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებს, ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს და მტრულ დამოკიდებულებას ავლენს პარტნიორებისადმი.

დღეს, ჩვენ ერთად ვწერთ საქართველოს უახლეს ისტორიას და გთხოვთ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მომენტში, დადგეთ ქვეყნის გადარჩენის, თავისუფლების, დემოკრატიული მომავლის მხარეს.

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ მომავალს და განვითარების პერსპექტივას ართმევს!"

განცხადებას ხელს აწერენ:

თეონა დალაქიშვილი — CDC Business/კომლი/სამეწარმეო განათლების კონსულტანტი
გიორგი ყანჩაველი — პროექტის სკოლა
ანა ავეჩბა — სქილთეიფი (სტარტაპი)
ნატო ჩაკვეტაძე — სამეწარმეო განათლების კონსულტანტი
მარინა ბენდელიანი — ააიპ. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი / CEPE
ნატალი ქენქაძე — ICPI / ბექას სკოლა
ნანა დიხამინჯია — ალტე უნივერსიტეტი
მიშიკო ჩხოლარია — რა ვაჩუქო — ravachuqo.ge
შორენა ქადიძე — კარიერის აკადემია
თეკლე კაპანაძე — Kidsoffice.ge
ბექა წულაია — დეილი ჯგუფი
დავით ჩეჩელაშვილი — ისარი ვენჩურზ
შალვა ჯინჭარაძე — Agrometi
თეა მხეიძე — სამეწარმეო განათლების კონსულტანტი და ტრენერი
თინათინ ღოლაძე — სამეწარმეო ეკოსისტემის წარმომადგენელი

განცხადებაზე ხელმოწერები ეტაპობრივად ემატება.


კონტექსტი: ქართული ოცნებიდან ფორმალურად წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა. მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა. მეტიც, დასავლელი პარტნიორების შეფასებით, ამ კანონის ინიცირება და განხილვა ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას. მით უფრო კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობის წინ.