კანაფის ხშირი მოხმარება შესაძლოა, გულის დაავადებების რიკს 34%-ით ზრდიდეს
დღესდღეობით კანაფს საკმაოდ ბევრი ადამიანი მოიხმარს. ის, სამედიცინო მიზნით გამოყენებისას შესაძლოა, მაგალითად, ინსომნიის, ეპილეფსიისა და დეპრესიის ზოგიერთ სიმპტომს ამსუბუქებდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს უარყოფითი გავლენაც, რომელიც მის დადებით მხარეებს აღემატება.
ეს მცენარე მძიმე მეტალებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას ფიზიკურ, კუნთოვან და ნერვულ პრობლემებს იწვევს, რომლებიც ალცჰაიმერის, პარკინსონისა და სხვა მსგავსი დაავადებებისთვისაა დამახასიათებელი. ასევე, არაა გამორიცხული, რომ შედეგად განვითარდეს ფსიქოზური აშლილობებიც.
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალ კვლევაში მათ მარიხუანის ხშირი მოხმარება კორონარული არტერიის დაავადების ჩამოყალიბების 34 პროცენტით გაზრდილ რისკთან დააკავშირეს. ეს იმ ინდივიდებთან შედარებით, რომელთაც კანაფი არასდროს მოუწევიათ.
ესაა გულის სერიოზული პრობლემა, რომელიც სისხლძარღვების შევიწროებაში ან მასში სისხლის მიმოქცევის შეფერხებაში გამოიხატება, რაც გულის უკმარისობასა და ინფარქტს ედება საფუძვლად. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მსოფლიოში სიკვდილიანობის მესამე ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
მკვლევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვითი სექტორის მონაცემებში არსებული ინფორმაცია გამოიყენეს, უფრო ზუსტად კი პაციენტების თვითშეფასებითი ანგარიშები. მათი მიზანი მარიხუანის მოხმარებასა და ზემოხსენებულ დიაგნოზს შორის კავშირის დადგენა იყო.
ავტორებმა სქესთან, ასაკთან და სხვა ფაქტორებთან ასოცირებული რისკ-ფაქტორები გაითვალისწინეს და ე.წ მენდელიანურ შემთხვევითობის პრინციპს მიმართეს — სტატისტიკურ ტექნიკას, რომელიც რისკ-ფაქტორებსა და დაავადებებს შორის ურთიერთკავშირის გამოსავლენად გენეტიკურ ინდიკატორებს იყენებს. მათ ყურადღება გაამახვილეს კანაფის მოხმარების აშლილობაზე (CUD), ფსიქიატრიულ მდგომარეობაზე, რომელიც კანაფზე დამოკიდებულებას (CAD) აყალიბებს. ორივე შემთხვევაში რისკი მარიხუანის დოზებთან ერთად იზრდება.
ადრეული კვლევების თანახმად, კანაფის მოხმარებამ შესაძლოა, გულისცემა გაახშიროს და წნევის აწევა განაპირობოს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის საშიშია. არაა გამორიცხულო, რომ შედეგად არტერიების კედლებზე ნალექი დაგროვდეს და სხეულში ანთებითი პროცესი დაიწყოს. ეს კი CAD-ისთვის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია.
ავტორები კვლევის შედეგებს სამეცნიერო ღონისძიებაზე ACC.23 წარადგენენ.
კომენტარები