ჩინურმა მავალმა მარსის ზედაპირის ქვეშ არსებული გეოლოგიური სტრუქტურები გამოავლინა
ჩინეთის მიერ მარსზე გაშვებულმა მავალმა Zhurong წითელი პლანეტის ქვეშ არსებული გეოლოგიური წარმონაქმნები გამოავლინა. ეს მან სპეციალური რადარის მეშვეობით შეძლო, რომელიც გრუნტის მიღმა განლაგებულ სტრუქტურებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.
კერძოდ, აპარატზე დამონტაჟებულმა ხელსაწყომ ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ქერქში დამარხული კრატერები და სხვა, დამრეცი არეალები დააფიქსირა, რომელთა წარმოშობის საკითხიც ბუნდოვანებითაა მოცული.
ჩინური მავალის მიერ მოპოვებული სარადარო მონაცემები მარსისა და დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის გრუნტქვეშა აგებულების კონტრასტს გვიჩვენებს. შედარებისთვის, მთვარის ზედაპირის 10 მეტრი შედგება შრეებისგან, რომელთა ფორმირებაც მიკრომეტეორიტებთან შეჯახებამ განაპირობა. მათ შორის სხვაობა მარსის თხელი ატმოსფეროთი შეიძლება აიხსნას, რომელიც მას მსგავსი კოსმოსური ობიექტებისგან იცავს.
"დაშვების ადგილზე არსებულ ზედაპირზე მრავალ დიუნს მივაგენით, ანუ შესაძლოა, ეს კრატერი ქვიშის მიერ დამარხულიყო, ამგვარ საფარს კი კოსმოსური გამოფიტვა შეემცირებინა. შედეგად, ამ კრატერების კედლების სრულ ფორმას ვხედავთ", — აცხადებენ მეცნიერები.
Zhurong კოსმოსში 2020 წლის ივლისში გაუშვეს. ის მარსზე მდებარე უტოპიის დაბლობზე 2021 წლის მაისში დაეშვა და მომდევნო თვეების განმავლობაში იქიდან სამხრეთით 1 921 მეტრი დაფარა. ის ისეთ არეალში განთავსდა, სადაც, მეცნიერთა ვარაუდით, ადრეულ პერიოდში ოკეანის ნაპირი იყო. რადარის ერთ-ერთი მიზანი სწორედ სიღრმეში პოტენციურად არსებული წყლის ან ყინულის კვალის აღმოჩენაა, თუმცა უკანასკნელი კვლევის ფარგლებში მსგავსი რამ არ გამოვლენილა.
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ბოლოდროინდელი შედეგები მარსის გეოლოგიური ევოლუციისა და ადრეულ ამინდთან დაკავშირებული პირობების შესახებ ღირებულ ინფორმაციას მოგვაწვდის. თავად Zhurong-ის ბედი უცნობია, რადგან აპარატი მოახლოებული ზამთრის გამო გათიშეს, ფუნქციონირება კი მას დეკემბერში უნდა განეახლებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩინეთის კოსმოსური სააგენტო ჯერჯერობით ამაზე დუმს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geology of the Geological Society of America გამოქვეყნდა.
კომენტარები