ნახეთ: როგორ ანადგურებს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელი მტვრის მასიურ ღრუბელს
ჩვენი გალაქტიკის ცენტრში განლაგებული ზემასიური შავი ხვრელი მტვრის ღრუბელს ანადგურებს, რა პროცესსაც ასტრონომები უკვე 20 წელზე მეტია, აკვირდებიან. მშვილდოსან A*-ს "მსხვერპლი" X7-ის სახელითაა ცნობილი და ის დედამიწაზე 50-ჯერ მასიურია.
ის ირმის ნახტომის შუაგულში, შავი ხვრელის მახლობლად გადაადგილდება, რასაც მეცნიერები კეკის ობსერვატორიის მეშვეობით ადევნებენ თვალს. აქამდე შეგროვებულმა კადრებმა გამოავლინა, რომ მტვრის ე.წ. ფილამენტი, ანუ ძაფისებრი სტრუქტურა, მშვილდოსან A*-ს გრავიტაციის გავლენით ეტაპობრივად იწელება, რის შედეგადაც ის ამჟამად 3000 ასტრონომიულ ერთეულ მანძილზეა გადაჭიმული.
მასზე დაკვირვება სპეციალისტებმა 2002 წელს დაიწყეს, დღეს კი მოგვეპოვება დეტალური ვიზუალური მასალა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ იცვლებოდა ამ ხნის განმავლობაში X7.
დადგინდა, რომ მტვრის ღრუბელი გალაქტიკის ცენტრში საკუთარ ორბიტაზე მოძრაობას 170 წელს ანდომებს. გამოთვლების თანახმად, 2036 წელს ეს ფილამენტი ზემასიურ შავ ხვრელს მაქსიმალურად მიუახლოვდება და მალევე სრულად განადგურდება. რაც შეეხება მის წარმოქმნას, მეცნიერები ამას ვარსკვლავთა შერწყმას უკავშირებენ, რის შედეგად მტვრისა და აირის გარსი გაჩნდა, მატერიის ნაწილი კი ნაკადის სახით გამოიყო.
X7 ირმის ნახტომის შუაგულში მდებარე რამდენიმე ფილამენტს შორისაა, რომლებსაც G ობიექტებს უწოდებენ. თითოეული მათგანი შავი ხვრელის გარშემო არსებულ სივრცეში ძალიან სწრაფად მოძრაობს, დაახლოებით 790 კმ/წმ სიჩქარით. ერთ-ერთი ასეთი ნიმუშის შესწავლა დანარჩენების სავარაუდო მომავალზე მოგვაწვდის ინფორმაციას.
ასტრონომები X7-ს ბოლო მომენტამდე დააკვირდებიან. მათი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები