ნახეთ: გასაოცარი კადრები გვიჩვენებს, როგორ კვეთს მერკური მზის დისკოს
ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ მზის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Solar Orbiter გასულ თვეში ჩვენი ვარსკვლავის წინ მერკურის ჩავლა დააფიქსირა. შთამბეჭდავი კადრები გვიჩვენებს, როგორ გადაადგილდება პლანეტა მნათობის კაშკაშა დისკოს ფონზე, რა პროცესსაც ხომალდი სხვადასხვა ხელსაწყოთი აკვირდებოდა.
მათ შორისაა პოლარიმეტრული და ჰელიოსეისმური ინსტრუმენტი (PHI), უკიდურესი ულტრაიისფერი სპექტრის კამერა (EUI) და კორონალური გარემოს გადასაღები სპექტრული აპარატი (SPICE). თითოეული მათგანის მიერ მოპოვებულ სურათებსა თუ ვიდეოებში მერკური და მზე სხვადასხვაგვარად მოჩანს, ყველაზე კარგად კი მისი ტრანზიტი SPICE-მა აღბეჭდა, რომელსაც ვარსკვლავის ატმოსფეროს თითოეულ ფენაში არსებული ატომების იდენტიფიცირება შეუძლია.
"ეს მხოლოდ მზესთან მერკურის ჩავლა არაა, არამედ მისი ჩავლა ვარსკვლავის ატმოსფეროს სხვადასხვა ფენის წინ", — ამბობენ მეცნიერები, რომელთა თქმითაც, ამან Solar Orbiter-ს ხელსაწყოების შემოწმების საშუალება მისცა.
ყოველ ასეთ ტრანზიტზე დაკვირვების შედეგად ევროპული კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი ზონდის მონაცემები უმჯობესდება, ამიტომ მნათობის დისკოს ფონზე მერკურის გადაადგილების გასაოცარი კადრების გარდა, ამას სხვა დანიშნულებაც აქვს. ასტრონომები ასეთ შემთხვევებს მზის სისტემის ზომის დასადგენად საუკუნეების წინ იყენებდნენ.
დედამიწის ამა თუ იმ არეალში მცხოვრები მეცნიერები ტრანზიტის ხანგრძლივობას აკვირდებოდნენ. ისინი დროში სხვაობისა და რეგიონებს შორის არსებული მანძილის შედარებით, ასევე, მარტივი ტრიგონომეტრიის მეშვეობით, სამიზნე ობიექტთან დისტანციას ითვლიდნენ. თანამედროვე სამყაროში მსგავსი მეთოდი ეგზოპლანეტების შესასწავლადაა დანერგილი.
Solar Orbiter მზეს მომდევნო ჯერზე 2023 წლის აპრილში მიუახლოვდება და მას თავისი ხელსაწყოებით ისევ გამოიკვლევს. ივნისში კი ევროპის კოსმოსური სააგენტო მერკურიზე უკეთ დაკვირვებას შეეცდება.
კომენტარები