ჯეფ ბეზოსის კომპანია 2024 წელს NASA-სთვის მარსზე კოსმოსურ ხომალდებს გაუშვებს
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კომპანია შეარჩია, რათა მან მარსზე მისია ESCAPADE-ს გაშვება უზრუნველყოს. ამ უკანასკნელის ფარგლებში კოსმოსში ხომალდთა წყვილის გაგზავნა იგეგმება, ფრენა კი სწორედ Blue Origin-ის რაკეტა New Glenn-ის მეშვეობით განხორციელდება.
ის ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული კოსმოდრომიდან 2024 წლის მეორე ნახევარში გაფრინდება და ორბიტაზე აპარატთა წყვილს გაიყვანს, რომელიც მარსის მიმართულებით წავა და წითელი პლანეტის მაგნიტოსფეროს გამოიკვლევს. ესაა ციური სხეულის გარშემო არსებული მაგნეტიზებული არეალი, რომელზე დაკვირვებითაც მეცნიერები შეისწავლიან, თუ როგორ ურთიერთქმედებს ის მზის ქართან და როგორ გადაადგილდება მასში პლაზმა და ვარსკვლავის მიერ გამოყოფილი ენერგია.
თითოეული თანამგზავრი სამი ხელსაწყოთი იქნება აღჭურვილი. ესენია: მაგნიტომეტრი მაგნიტური ველის გასაზომად, ელექტროსტატიკური ანალიზატორი იონებსა და ელექტრონებზე დასაკვირვებლად და ლენგმურის ზონდი პლაზმის სიმკვრივის/ულტრაიისფერი გამოსხივების ნაკადის მოძრაობის გამოსათვლელად.
ESCAPADE-ს დედამიწის ორბიტის დატოვების შემდეგ მარსამდე მისაღწევად დაახლოებით 11 თვე დასჭირდება. დამატებით რამდენიმე თვეს გასტანს ხომალდების მიერ ტრაექტორიის გასასწორებლად საჭირო მანევრებიც, სანამ წყვილი მიაღწევს პოზიციას, საიდანაც მაგნიტოსფეროს ყველაზე კარგად გამოკვლევა იქნება შესაძლებელი.
მაგნიტოსფეროების შესწავლა მეცნიერებს კოსმოსში არსებული ამინდის შესახებ მეტის გაგებაში ეხმარება, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს სატელიტებსა და ასტრონავტებზე. თავად ESCAPADE პლანეტების საკვლევი მცირემასშტაბიანი ინოვაციური მისიების პროექტის ნაწილია, Blue Origin-თან თანამშრომლობა კი VADR-ის გამშვები სერვისის ფარგლებში გაფორმდა.
კომენტარები