გენმოდიფიცირებული ბავშვების არალეგალური ექსპერიმენტის ავტორი ამბობს, რომ იჩქარა
იგი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს.
2018 წელს ჩინელმა მეცნიერმა ჰი ჯიანკუიმ CRISPR ტექნოლოგია გამოიყენა და ინვიტრო განაყოფიერებით შექმნილი ემბრიონების გენეტიკური კოდი გადააკეთა. შედეგად ტყუპი დაიბადა — ლულუ და ნანა, მსოფლიოში პირველი გენმოდიფიცირებული ადამიანები — მეცნიერი კი არალეგალური სამედიცინო პრაქტიკის გამო სამი წლით დააპატიმრეს.
იხილეთ: გენმოდიფიცირებული ბავშვების პირველი რეალური ექსპერიმენტის ავტორი ციხიდან გაათავისუფლეს
ახლა, გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ, ჰი South China Morning Post-თან ახალ ინტერვიუში ამბობს, რომ ექსპერიმენტების ჩატარება იჩქარა და ამის გამო სინანულსაც გამოთქვამს.
"ეს ზედმეტად სწრაფად გავაკეთე", — აცხადებს ის.
ექსპერიმენტი CCR5-ის მოდიფიკაციას ისახავდა მიზნად — გენის, რომელიც HIV ვირუსისადმი რეზისტენტულობას ავლენს.
მიუხედავად კეთილი განზრახვისა, ექსპერიმენტებმა და მათმა შედეგებმა სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი ორაზროვნება გამოიწვია. მეცნიერები ჰი ჯიანკუის გამოუქვეყნებელ ნაშრომებს ეჭვის თვალით უყურებდნენ, ზოგიერთი კი იმასაც უარყოფდა, რომ ცდა წარმატებით ჩატარდა. საბოლოო ჯამში, სპეციალისტებმა მეცნიერის ექსპერიმენტები არაეთიკურად ცნეს.
წლების შემდეგ მკვლევარი გოგოების, ლულუსა და ნანას, ამჟამინდელ მდგომარეობაზეც საუბრობს:
"მათ ნორმალური, მშვიდი და წყნარი ცხოვრება აქვთ. ეს მათი სურვილია და უნდა დავაფასოთ", — აცხადებს ჰი და დასძენს, რომ ბავშვებისა და მათი ოჯახების ბედნიერება პირველ ადგილზე უნდა ეყენოს.
მათ მომავალთან დაკავშირებით მეცნიერს ზუსტად არაფერი უთქვამს — თითქმის შეუძლებელია გაიგო, რა შედეგს გამოიღებს ადამიანების გენეტიკური მოდიფიკაცია.
"მათ მიმართ დიდი მოლოდინები გექნება, თუმცა იქნება უზარმაზარი წუხილიც", — ამბობს ის.
როგორც ირკვევა, სურვილის ქონის შემთხვევაში გოგოებს შეეძლებათ, დამატებითი საკონტროლო პროცედურები ჩაიტარონ, როდესაც სრულწლოვნები გახდებიან.
"თავი დავდეთ, რომ ამას მთელი მათი სიცოცხლის განმავლობაში გავაკეთებთ", — დასძენს მკვლევარი.
მედიასთან საუბრისას მას არ დაუზუსტებია, რას აპირებს სამომავლოდ ანდა გეგმავს თუ არა იმავეს გამეორებას განსხვავებული მიდგომით. მან განაცხადა, რომ ამაზე პასუხი ჯერ არა აქვს.
შემდეგ თვეს იგი ოქსფორდის უნივერსიტეტს ესტუმრება და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამდენიმე საქმიან შეხვედრას გამართავს.
"გრძელვადიანი ხედვა მაქვს, რომელიც ისაა, რომ მემკვიდრეობითი დაავადებებისგან ყოველი ჩვენგანი თავისუფალი უნდა იყოს", — აცხადებს ჰი ჯიანკუი.
კომენტარები