ამ გალაქტიკისგან 1 მილიარდ სინათლის წელზე მეტი გვაშორებს — ჯეიმს ვების მორიგი შედევრი
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისგან კიდევ ერთი გასაოცარი სურათი მივიღეთ, რომელზეც ჩვენგან 1 მილიარდ სინათლის წელზე მეტი მანძილით დაშორებული სპირალური გალაქტიკა დეტალურადაა აღბეჭდილი.
ის LEDA 2046648-ის სახელითაა ცნობილი და ფოტოზე იმდენად მკაფიოდ ჩანს, რომ მისი სპირალური შვერილებიც კი მარტივად გასარჩევია. ფონზე მატერიის კიდევ მრავალი ასეთი სისტემა და ვარსკვლავია გამოსახული, რომლებიც სხვადასხვაფრად ელვარებს. ეს შთამბეჭდავი კადრი მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ ახლო ინფრაწითელი კამერის მეშვეობით გადაიღო, როცა თეთრ ჯუჯა ვარსკვლავ WD1657+343-ს აკვირდებოდა.
ფონური გალაქტიკებიდან ზოგი LEDA 2046648-ზე მცირე ზომისაა, ზოგი კი ჩვენგან ბევრად დიდ დისტანციაზე მდებარეობს და ღრმა კოსმოსის ისტორიის შესწავლის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ესაა ვების მიზანი, რადგან ის დროის მანქანის ფუნქციას ასრულებს და სამყაროს წარსულს გვიჩვენებს.
ამ შორეული ობიექტებიდან წამოსული სინათლის ჩვენამდე მოღწევას ძალიან დიდი დრო სჭირდება. შესაბამისად, მათ იმ სახით ვხედავთ, როგორიც სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე იყო, დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 300 მილიონი წლის შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ სამყარო ფართოვდება, სინათლის ტალღები იწელება და სპექტრის წითელ დიაპაზონში გადადის, რომელსაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი კარგად აღიქვამს.
ეს შესაძლებლობას გვაძლევს, უძველესი გალაქტიკების წარმოქმნისა თუ ევოლუციის პროცესი და მათი შემადგენლობა შევისწავლოთ, შედეგად კი ისინი ირმის ნახტომთან ახლოს მდებარე სისტემებს შევადაროთ. ეს კოსმოსის ევოლუციის გაანალიზებაში დაგვეხმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
კომენტარები