ავსტრალიაში 3-კილოიანი გომბეშო მოკლეს — რა საფრთხეს უქმნიან ინვაზიური სახეობები ადგილობრივ ეკოსისტემას?
რამდენიმე დღის წინ ავსტრალიელმა მეცნიერებმა ველურ ბუნებაში მსოფლიოში უდიდესი გომბეშო აღმოაჩინეს. ის დაახლოებით 3 კილოგრამს იწონიდა და თავისი სახეობის, ლერწმის გომბეშოსათვის დამახასიათებელ საშუალო წონას 6-ჯერ აღემატებოდა.
"მე დავიხარე და ლერწმის გომბეშო ავიყვანე, თუმცა თავდაპირველად თვალებს ვერ დავუჯერე, რადგან ის ძალიან დიდი და მძიმე იყო. ჩვენ მას Toadzilla დავარქვით და ველურ ბუნებას მაშინვე მოვაშორეთ. სავარაუდოდ, ის მდედრი იყო, რადგან ამ სახეობაში მდედრები მამრებზე დიდები იზრდებიან", — განაცხადა რეინჯერმა კაილი გრეიმ, რომელმაც გომბეშოს მიაგნო
მიუხედავად გიგანტური ზომისა, ეს ისტორია ცუდად მთავრდება. ლერწმის გომბეშო ავსტრალიისათვის ინვაზიური სახეობაა და ეკოსისტემას უდიდეს ზიანს აყენებს, შესაბამისად, Toadzilla ცოცხალი აღარ არის.
ინვაზიური სახეობები
ლერწმის გომბეშოებმა ავსტრალიაში ნამდვილი ქაოსი გამოიწვიეს. ეს არსება ძალიან შხამიანია და არაერთი ადგილობრივი მტაცებლის გადაშენებამდე მიყვანა შეძლო. მიუხედავად ამისა, ეს ამ მეჭეჭებიანი, არც ისე აგრესიული არსების ბრალი ნამდვილად არ არის. წლების წინ ავსტრალიის ხელისუფლებამ ის კონტინენტზე იმ ხოჭოებთან საბრძოლველად შემოიყვანა, რომლებიც შაქრის ლერწმის მოსავალს ანადგურებდნენ.
ეს არცთუ გონივრული გეგმა ქვეყანაში 2400 გომბეშოს შემოყვანით დაიწყო, თუმცა, როგორც ინვაზიური სახეობების შემთხვევაში ხდება ხოლმე, პოპულაციების ზრდის გაკონტროლება ვერ მოხერხდა. World Wildlife Fund-ის მონაცემების მიხედვით, ახლა ავსტრალიაში 200 მილიონზე მეტი ლერწმის გომბეშო ბინადრობს.
ეს არცთუ მცირე ზომის ამფიბია ჭირვეული მჭამელი ნამდვილად არ არის. ლერწმის გომბეშო ყველაფერს ჭამს, რაც პირში ჩაეტევა — მწერებს, რეპტილიებს, მცირე ზომის ძუძუმწოვრებს და ა.შ.
სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში ინვაზიური სახეობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი პრაქტიკული გზა მათი დახოცვაა.
მიუხედავად ყველაფრისა, Toadzilla-ს ამბავი მაინც სევდიანია. ეს გიგანტი კუნძულოვან კონტინენტზე მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მისი წინაპრები იქ წინდაუხედავმა პოლიტიკოსებმა ჩაიყვანეს. ავსტრალიის მაგალითით კი სხვა სახელმწიფოებსაც შეუძლიათ ისარგებლონ და ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ ინვაზიურ სახეობებს დაიმეზობლებენ.
კომენტარები