გამოავლინეს ვარსკვლავი, რომელიც შავ ხვრელს გადაურჩა — როგორ
ასტრონომთა გუნდმა შორეული გალაქტიკის ბირთვზე დაკვირვებისას გამოავლინა ვარსკვლავი, რომელიც ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელს გადაურჩა. ამის მიუხედავად, მისი უმძლავრესი გრავიტაციის გავლენით მნათობმა მატერიის ნაწილი მაინც დაკარგა.
მსგავსი ურთიერთქმედებისას შავი ხვრელი "მსხვერპლისგან" აირს იზიდავს, რომელიც მის გარშემო მოგრძო ნაკადებად მიედინება და ძალიან კაშკაშა დისკოს ქმნის. ამ პროცესს სპაგეტიფიკაცია ეწოდება და იმდენად გამანადგურებელია, რომ ძნელია, მას ვარსკვლავი გადაურჩეს. უკანასკნელი შემთხვევა იშვიათი გამონაკლისია, თუმცა, დიდი ალბათობით, აღნიშნულ ობიექტს საბოლოოდ მაინც სიკვდილი ელის.
2018 წელს, პროექტ All-Sky Automated Survey for Supernovae-ის ფარგლებში, მეცნიერებმა 893 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარე გალაქტიკის, AT2018fyk-ის ცენტრის ისეთი სიკაშკაშე დააფიქსირეს, რომელიც სპაგეტიფიკაციას ახასიათებს. შავ ხვრელთან დაკავშირებული ნათება მათ რენტგენული ტელესკოპებით შეისწავლეს. ამგვარი მოვლენისას გამოსხივება რამდენიმე წელში მცირედით იკლებს, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში ის დაახლოებით 600 დღეში გაქრა, ამავე პერიოდის მერე კი მოულოდნელად ისევ გამოჩნდა.
მონაცემების ანალიზისას სპეციალისტები მიხვდნენ, რომ ეს მიანიშნებდა ვარსკვლავზე, რომელიც შავ ხვრელთან ურთიერთქმედების მიუხედავად არ განადგურებულა. მას შემდეგ, რაც მნათობმა მატერია დაკარგა, საკუთარ ორბიტაზე მოძრაობა გააგრძელა და უმძლავრესი გრავიტაციის პირისპირ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.
ავტორთა მიერ შექმნილი მოდელის თანახმად, ეს ვარსკვლავი ბინარული სისტემის ნაწილი იყო. შავ ხვრელთან მიახლოებამ მისი მეწყვილე შორს "გაისროლა", ის კი 1 200-დღიან ელიფსურ ორბიტაზე დარჩა, რომელმაც თითქმის იმ დისტანციამდე მიიყვანა, სადაც მნათობს შავი ხვრელის მიზიდულობის ძალა ანადგურებს. რადგან ობიექტი ასეთ რეგიონში ბოლომდე არ იყო მოქცეული, მას მხოლოდ გარეთა ატმოსფერო შემოეძარცვა და ბირთვის სახით შენარჩუნდა.
შავი ხვრელის გარშემო დისკოში მატერიის დაგროვებას დაახლოებით 600 დღე დასჭირდა, ამიტომ როდესაც ასტრონომებმა ნათება დააფიქსირეს, ვარსკვლავის ბირთვი შავი ხვრელისგან ყველაზე შორ, უსაფრთხო მანძილზე გადაადგილდებოდა. მასთან ისევ მიახლოებისას ობიექტმა წართმეული აირის ნაწილი უკან დაიბრუნა, რის გამოც რენტგენული გამოსხივება გაქრა.
ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მზეზე დაახლოებით 80-მილიონჯერ მასიურმა შავმა ხვრელმა მნათობისგან მატერია მაინც მიიზიდა და აკრეციული დისკოს ფორმირება ახლიდან დაიწყო. მეცნიერთა პროგნოზით, AT2018fyk-ის სიკაშკაშე აგვისტოში შემცირდება, როცა ბირთვი შავ ხვრელს კიდევ ერთხელ ჩაუვლის, მომდევნო ნათება კი 2025 წლის მარტშია მოსალოდნელი.
თუ ვარსკვლავის მასის დანაკარგი 1% დონეზე შენარჩუნდება, ის გადარჩენას კიდევ ბევრი ჩავლისას მოახერხებს, მაგრამ თუ ეს მაჩვენებელი 10%-ია, დიდი შანსია, რომ მნათობი უკვე მკვდარი იყოს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები